ახალი ამბები

დავით ბერძენიშვილი: დისკუსია გახსნა პატრიარქმა და მასში კორძაია ჩაერთო

6 დეკემბერი, 2013 •
დავით ბერძენიშვილი: დისკუსია გახსნა პატრიარქმა და მასში კორძაია ჩაერთო

“დისკუსია გახსნა პატრიარქმა და ამ დისკუსიაში კორძაია ჩაერთო. ნორმალური, ჩვეულებრივი ამბავია, არაფერი პრობლემა არ არის. თამარ კორძაიას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, აქვს უფლება გამოთქვას თავისი აზრი, ისევე როგორც საქართველოს პატრიარქს აქვს ამის უფლება,”- ამბობს დავით ბერძენიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

მისივე თქმით, თვითმმართველობის კოდექსი არანაირად არ უქმნის საფრთხეს ქვეყნის ავტონომიას და ფიქრობს, რომ პატრიარქი, რომელმაც ბოლო ქადაგებაში აღნიშნული კოდექსის საფრთხეებზე ისაუბრა, უსაფუძვლოა.

 

“მან [პატრიარქმა] გამოთქვა თავისი მოსაზრებები და მე ვფიქრობ, რომ ის ამჟამად უფრო ინფორმირებულია. თვითმმართველობის კოდექსი თვითმმართველობას და არა რეგიონალიზმს და ავტონომიას და საფრთხეებს ეხება. ევროპის არც ერთი ქვეყანა არ არსებობს, სადაც არ არის ძლიერი თვითმმართველობა. ამიტომ ეს არის ქარიშხალი ჭიქაში. ყოველგვარი საუბრები, განსაკუთრებით იმ ხალხის მიერ, ვინც სტალინის ძეგლებს ხსნის და ვარდების თაიგულით მიაგებს პატივს ავტონომიების შექმნელ სტალინს, იმ ხალხის მხრიდან ბრალდება, რომ ვინმე ცუდად იქცევა და საქართველოს დაშლით ემუქრება. მე კუკავას ვგულისხმობ, რომელიც შეტევაზე გადმოდის. ზოგადად, ეს ვითარება ნორმალურია, დისკუსიაში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას. ზოგს თავიდანვე აქვს წაკითხული კანონპროექტი, უმრავლესობას წაკითხული არ აქვს საერთოდ. მე არ ვიცი, რამდენი წაიკითხა და რამდენი არა პატრიარქმა, თუმცა, სრულფასოვნად ინფორმირებული რომ არ იყო, ეს იკითხება,”- აცხადებს ბერძენიშვილი.

 

მისი განმარტებით, იქამდე, სანამ პატრიარქი ამ განცხადებას გააკეთებდა, მთავრობასა და უმრავლესობის წევრებს შორის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური განხილვა ჰქონდათ.

 

“იქამდე, სანამ გააკეთებდა ამ განცხადებას, წინა დღეს მრავალსაათიანი შეხვედრა იყო მთავრობისა და უმრავლესობას შორის, სადაც ბევრი საკითხი დეტალურად გავიარეთ და დაზუსტება შევიტანეთ, შეუძლებელია ეს ვინმეს სცოდნოდა, მათ შორის პატრიარქსაც,”- ამბობს ბერძენიშვილი. 

 

ილია მეორეს რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებით, თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს დაშლისკენაა მიმართული. შესაბამისად, მან მიმართა პარლამენტს და ხელისუფლებას, რომ არ აჩქარდნენ აღნიშნული კანონის მიღების დროს. 

 

პატრიარქის ამ განცხადებას პარლამენტიდან უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ განცხადებით პატრიარქი ზედმეტად ჩაერია სახელისუფლებო ფუნქციებში. კორძაიას მიერ “ალიასთან” მიცემულ ინტერვიუს, ასევე, უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი გამოეხმაურა და შეშფოთება გამოხატა. ჯაჭვლიანის განცხადებით, დეპუტატს პატრიარქის მიმართ მსგავსი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი