ახალი ამბები

საპარტნიორო ფონდი 17 მაისს მთის ღორის ხორცის პრეზენტაცია/დეგუსტაციას გამართავს

16 მაისი, 2018 • 10089
საპარტნიორო ფონდი 17 მაისს მთის ღორის ხორცის პრეზენტაცია/დეგუსტაციას გამართავს

„საპარტნიორო ფონდის” ინფორმაციით, ხვალ, 17 მაისს,  „მთის ღორის გადარჩენის პროექტის“ ფარგლებში,  ქართული ჯიშის ღორის ხორცპროდუქტების  დეგუსტაცია გაიმართება. საპარტნიორო ფონდი ესპანელ პარტნიორებთან ერთად მთის ღორის გადარჩენის პროექტზე მუშაობდა.

“13:15 სთ. „საპარტნიორო ფონდის“,  ქართულ-ესპანური კომპანია  „Native Georgian”- ისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ერთობლივი „ქართული ღორის გადარჩენის პროექტის“ ფარგლებში (რომელიც ქართული ხამონისა და სხვადასხვა ტიპის ხორცპროდუქტების წარმოებას გულისხმობს,) უნიკალური ჯიშის ქართული ღორის პირველი ხორცპროდუქტების  პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართება,”-წერია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“საქართველოში სულ 56 ქართული ჯიშის ღორი მოვძებნეთ. სურათებს ვუღებდით და გენეტიკური ანალიზი კეთდებოდა. ამ 56-დან საბოლოოდ 11-12 შეირჩა, საიდანაც ჩვენ სუფთა ქართული ჯიშის მომრავლება დავიწყეთ. ეს ჯიშები თავისი მაჩვენებლებით უთანაბრდება ცნობილ ესპანური ღორის ჯიშს, იბერიკოს. ჩვენი ესპანელი პარტნიორები აღფრთოვენებული არიან იმ შედეგებით, რაც მივიღეთ. ახლა დიდი საწარმო რაჭაში შენდება. ამ საწარმოს  ალბათ ზაფხულის დასაწყისში გავხსნით. გექნებათ საშუალება ნახოთ პირველი ქართული ჰამონის წარმოება, ასევე, რაჭული ლორის,” -აცხადებს დავით საგანელიძე.

საპარტნიორო ფონდი არის სახელმწიფო ფონდი, რომელიც 2011 წელს შეიქმნა. როგორც საპარტნიორო ფონდის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით, რაც კაპიტალში თანაინვესტირებას გულისხმობს. ფონდის აქტივების პორტფელი შემდეგი კომპანიებისგან შედგება:

  • საქართველოს რკინიგზა – 100% წილი
  • საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია – 100% წილი
  • საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა – 100% წილი
  • ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი – 100% წილი
  • სს თელასი – 24.5% წილი

მასალების გადაბეჭდვის წესი