“ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების იდეა წარმოადგენს უმთავრეს ფასეულობას, რომელსაც ემყარება დემოკრატიული მმართველობის მთელი სისტემა. მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ საკუთარი, ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების წარმართვაში, საერთოა ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. მხოლოდ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ადგილობრივ ხელისუფლებას, მოქალაქეთა ჩართულობით შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური და, ამასთან, მოქალაქესთან დაახლოებული მმართველობა, ჩამოაყალიბოს ადგილებზე განვითარების სრულფასოვანი პირობები.
ქვეყნის განვითარების უმთავრესი საფუძველია ძლიერი თვითმმართველობა, სადაც მოქალაქეები საკუთარი პასუხისმგებლობით, არჩევითი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საშუალებით, სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეულახავად ახორცილებენ ამ უმნიშვნელოვანეს უფლებას, რომელიც მათ მინიჭებული აქვთ საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს მიერ რატიფიცირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიით.
ვერ დავეთანხმებით მოსაზრებას, რომლის თანახმად, მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი საჭიროებების დამოუკიდებლად გადაწყვეტის იდეა, შესაძლოა, სეპარატიზმის გაღვივების და ქვეყნის დაქუცმაცების საფუძველი გახდეს. როგორც წესი, ამ არგუმენტს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხელისუფლებაში მოსული ყოველი პოლიტიკური ძალა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ და კანონის საკუთარ თავზე მორგების მიზნით იყენებდა, რამაც, საბოლოო ჯამში, დღეს არსებულ „ფასადური“ თვითმმმართველობის სრულიად უუნარო და მოქალაქეებისთვის არაფრის მომცემი სისტემის ფუნქციონირებამდე მიგვიყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გვაქვს გარკვეული შენიშვნები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ სხვადასხვა მუხლების მიმართ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიუღებლად მივიჩნევთ რეფორმის ნებისმიერი დისკრედიტაციის მცდელობას, მით უმეტეს, იქ, სადაც მოქალაქეთა მიერ თვითმმართველობის უფლების განხორციელება არ მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებთან და მის სუვერენიტეტთან, არამედ ემსახურება ხელისუფლების ვერტიკალური დაბალანსების და მოქალაქეზე ორიენტირებული თვითმმართველობის შემოღებას.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე:
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, როგორც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების რეალიზების მთავარ გარანტორს, არ აყვნენ თვითმმართველობის იდეის დისკრედიტაციის ტალღას და არ შეაჩერონ რეფორმის პროცესი;
ნუ გადაუხვევენ წინასაარჩევნო დაპირებებს და უზრუნველყონ უახლოეს თვითმმართველობის არჩევნებამდე ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, სადაც მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, საკუთარი პასუხისმგებლობით, საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევითი ორგანოების და თანამდებობის პირების საშუალებით, თვითმმართველობაში მონაწილეობის ეფექტური ფორმების გამოყენებით განახორციელონ საკუთარი უფლებები, ხოლო რეგიონალურ დონეზე მათ მიეცეთ შესაძლებლობა აკონტროლონ მთავრობის მიერ დანიშნული თანამდებობის პირები.”
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ (OSGF)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“
ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ქსელი
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
სათემო განვითარების ცენტრი
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ცენტრი
მწვანე ალტერნატივა
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)
ფონდი “ლიბერალური აკადემია თბილისი”
საზოგადოებრივი დამცველი
მწვანე კავკასია
გორის საინფორმაციო ცენტრი
ფონდი „ტასო“
საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალენოვანი საქართველო“
დემოკრატ მესხთა კავშირი