ახალი ამბები

უსუფაშვილი: არასწორია, რომ თვითმმართველობამ შეიძლება გააღვივოს სეპარატიზმი

4 დეკემბერი, 2013 • • 1192
უსუფაშვილი: არასწორია, რომ თვითმმართველობამ შეიძლება გააღვივოს სეპარატიზმი

“თვითმმართველობა- ეს არის ადამიანებისთვის იმ უფლების მიცემა, რომ თავისი ადგილობრივი საკითხები თავად მოაგვარონ; ესაა საწყისი იმისა, რომ მერე ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ ზოგადსახელმწიფოებრივი საკითხების ერთად მოგვარება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

მისი თქმით, სრულიად ბუნებრივია განსხვავებული ინტერესები, რომელიც არსებობს თვითმმართველობის რეფორმის მიმართ.

 

“გავლილი 23 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ცოტა რამ გავაკეთეთ თვითმმართველობის დასამკვიდრებლად, ბევრი რამაა გამოსასწორებელი. ის კოდექსი, რომელიც პარლამენტში შემოვიდა, არის კომპლექსური და მიმდინარეობს საკომიტეტო მოსმენები, ყურადღებით ვისმენთ ყველა მოსაზრებას,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

 

ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც წარმოადგინა ახალმა მთავრობამ, ხელს შეუწყობს სეპარატიზმის გაღვივებას, რასაც არ ეთანხმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

“საქართველო რომ არ იყო დეცენტრალიზებული და თვითმმართველობა არ ჰქონდა, ამან თავიდან აგვაცილა სეპარატიზმი აფხაზეთსა და ოსეთში? ასე რომ, ეს არასწორად დასმული კითხვაა და ზოგადად კონცეფცია, რომ თითქოს თვითმმართველობამ შეიძლება გააღვივოს სეპარატიზმი. სპერატიზმს, სადმე გაქცევას და გამოყოფას აღვივებს უუფლებობა და განცდა იმისა, რომ ხარ დაჩაგრული, არ გაქვს საშუალება შენი საკითხები თავად მოაგვარო, მერე გარბიან ადამიანები ინდივიდუალურად თუ ტერიტორიულად. ასე რომ, კონცეფცია, რომ თვითმმართველობა რაიმე ფორმით საფრთხეს უქმნის ქვეყნის ერთიანობას, სრული ნონსნენსია. თვითმმართველობა არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავის ფუნქციებს აძლევს ვინმე სხვას. სახელმწიფო ყველა სხვა ფუნქციას, რაც მას სჭირდება, იტოვებს: კანონმდებლობა, პოლიცია, ჯარი, უსაფრთხოება, თავდაცვა, ეკონომიკური პოლიტიკა, ფინანსები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი