ახალი ამბები

გაუგებარია, რა საჭირო იყო სპეცოპერაცია- ფიქრია ჩიხრაძე დემონსტრანტებთან ღამე მივიდა

13 მაისი, 2018 • 2111
გაუგებარია, რა საჭირო იყო სპეცოპერაცია- ფიქრია ჩიხრაძე დემონსტრანტებთან ღამე მივიდა

პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აფასებს. როგორც ის ნეტგაზეთთან განმარტავს, არსებობს მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა და რაც უფრო მეტ ინფორმაციას იგებს საზოგადოება, მით მეტი კითხვა ჩნდება. მისივე თქმით, გაუგებარია, რა საჭირო იყო სპეცოპერაცია, თუ შსს-ს უკვე ჰყავდა დამნაშავეები  იდენტიფიცირებულნი.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ერთ-ერთ მთავარ კითხვად ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმა რჩება. როგორც ის აცხადებს, უცნობია, თუ რატომ გახდა საჭირო ჭარბი ძალის გამოყენება მაშინ, როდესაც შსს თქმით, საგამოძიებო მოქმედებები 3 თვის წინ დაიწყო.

“ამ მოვლენებმა დატოვეს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, და ამ კითხვის ნიშნებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. რატომ მოხდა ამ ჭარბი ძალის გამოყენება მაშინ, როდესაც ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულში იყვნენ შემჩნეულნი, თურმე უკვე იდენტიფიცირებულნი და გამოვლენილნი იყვნენ და მათი აყვანისათვის სხვა ყველანაირი პირობა არსებობდა. ეს შეკითხვები არსებობს, ჩვენ რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვისმენთ, უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება,” – განაცხადა ჩიხრაძემ ნეტგაზეთთან.

ამასთანავე, ის აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები კლუბის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ, კითხვის ნიშნები გაამრავლა.

” თუ ეს ადამიანები საერთოდ გარეთ იყვნენ აყვანილნი და მათი, ასე ვთქვათ, იზოლირების არანაირი საჭიროება არ არსებობდა, აბსოლუტურად გაუგებარია, რა საჭირო იყო ამ ფორმის გამოყენება. იმიტომ ეს არის ადგილი, სადაც ახალგაზრდები ირკიბებიან, სადაც ჩამოსული სტუმრები სტუმრობენ, არის ადგილი, სადაც ერთგვარი თავისუფლების სულისკვეთება ტრიალებს და, შესაბამისად, ასეთი ძალით შესვლა არასასიამოვნოა,” – განმარტა მან.

მისივე განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას, ერთი მხრივ, მომხდარზე სრული და ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს, ხოლო, მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება ჰქონდეს.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია “ჩვენი თავსიფულებისთვის” გაიმართა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვანაა, დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა შეიცვალოს, ასევე  12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გამო პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვონ.


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
  • 12 მაისის შუადღის სამი საათიდან უწყვეტად გრძელდება აქცია სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას;
  • სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნარკორეალიზებაში ბრალდებულები კლუბებში სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მათი დაკავების ადგილი რომელიმე კლუბი არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი