მოლაპარაკებები აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციას შორის, რომელიც აქციაზე ხალხის რაოდენობის გამო რუსთაველის გამზირის სრულად გადაკეტვას შეეხებოდა, უშედეგოდ დასრულდა.
ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა უთხრა აქციის მონაწილეებს, რომელიც მანამდე პარლამენტის შენობასთან ესაუბრო საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნებს.
როგორც მან აქციის მონაწილეებს უთხრა, პოლიციას სთხოვეს რუსთაველის გამზირის სრულად დაკავების უფლება აქციაზე ხალხის დიდი რაოდენობის გამო, რაზედაც უარი მიიღეს. მანამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს უფლება მისცა დაეკავებინათ საავტომობილო გზის ნაწილი რუსთაველის გამზირზე.
წიქარიშვილმა განაცხადა, რომ მეორე მოთხოვნა სპეცრაზმს შეეხებოდა, რომელიც ქაშვეთის ეკლესიასთან არის მობილიზებული. მისი თქმით, “სპეცრაზმის, რომელმაც გუშინ დაარბია, ადგილი აქ არის”.
სპეცრაზმი ქაშვეთთან დაახლოებით 17.30 საათზე გამოჩნდა. ასევე გავრცელდა ცნობა, რომ რუსთაველის გამზირისკენ მიემართება წყლის ჭავლის მანქანები, რასაც შსს არ ადასტურებს.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია, რომელშიც ათასობით მოქალაქე მონაწილეობს, პასუხია სპეცოპერაციისა, რომელიც პოლიციამ 12 მაისის თამეს თბილისის ორ კლუბში ჩაატარა.
აქციის მონაწილეები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.
- სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
- როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
- სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
- დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
- პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.