ახალი ამბები

იანუკოვიჩი აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობას გმობს და გამოძიების ჩატარებას ითხოვს

1 დეკემბერი, 2013 •
იანუკოვიჩი აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობას გმობს და გამოძიების ჩატარებას ითხოვს

“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, კიევის პოლიციამ დაიწყო გამოძიება “ბერკუტის” მიერ ძალის გადამეტების ფაქტზე, რომელიც “ევრომაიდანზე” მომიტინგეების დასარბევად გამოიყენა. პრემიერ–მინისტრის ნიკოლაი აზაროვის განცხადებით, გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს და დამნაშავე გამოვლინდეს. 

 

თავის მხრივ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა დაგმო ის ძალადობრივი ქმედებები, რომელიც შაბათს, 30 ნოემბრის ღამეს კიევის ცენტრში განვითარდა. 

 

“მე ვგმობ ქმედებებს, რომლებმაც ძალადობრივ დაპირისპირებამდე და ადამიანთა ტანჯვამდე მიგვიყვანა”– ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს 

 

იანუკოვიჩი მთავარი პროკურორისგან ითხოვს, რომ რაც შეიძლება მალე მიაწოდონ გამძიების შედეგები:

 

“ვითხოვ უკრაინის  გენერალური პროკურორისგან, სასწრაფოდ მომაწოდოს მე და უკრაინის საზოგადოებას ობიექტური გამოძიების შედეგები და სათანადოდ დაისაჯონ დამნაშავები”,– წერია განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გამთენიისას კიევის ცენტრალურ მოედანზე გამართული აქცია პოლიციამ ძალადობრივად დაარბია. აქცია უკრაინის მთავრობის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარის თქმას მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით დაკავებულია აქციის 35 მონაწილე, ათეულობით მონაწილე კი დაშავდა. 

 

უკრაინას ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოეწერა, ამისათვის უკრაინის პარლამენტს უნდა მიეღო კანონი, რომელიც ყოფილ პრემიერ–მინისტრს, პატიმრობაში მყოფ იულია ტიმოშენკოს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას მისცემდა. აღნიშნული კანონი არ მიიღეს. 

 

ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთიდან წამოსულმა ზეწოლამ აიძულა იგი უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი უკრაინისთვის ღია რჩება. 

 

“მომავალი კვირიდან პარლამენტი დაიბლოკება. ჩვენ არ მივცემთ უფლებას ამ ხელისუფლებას, მიიღოს ანტიეროვნული გადაწყვეტილება”,– ამბობს ოპოზიციონერ ვიტალი კლიჩკო. 

 

აქციის მონაწილეების დარბევას უკვე გამოეხმაურნენ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, რომლებმაც  უკრაინის ხელისუფლებასა და პრეზიდენტს მოუწოდეს გამოიძიონ ღამით განვითარებული მოვლენები და დააკისრონ პასუხისმგებლობა მას, ვინც შეკრების და გამოხატვის თავისუფლების პრინციპების წინააღმდეგ მოქმედებდა

 

ძალადობრივი დარბევის შემდეგ აქციის მონაწილეები კიევში, მიქაელის მოედანზე შიკრიბნენ და მთელი ღამე იქ გაატარეს. 

 

 

ფოტო: AP
ფოტო: AP

ფოტო: AP
ფოტო: AP

 

მასალების გადაბეჭდვის წესი