სამართალდამცავებმა “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იმ დროს დააკავეს, როდესაც ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტთან და თბილისის “ღამის ეკონომიკის განვითარების” ხელმძღვანელთან, სერგი გვარჯალაძესთან საუბარი დაასრულა.
ზურაბ ჯაფარიძე გვარაჯალაძისგან და პოლიციელებისგან ითხოვდა პასუხისმგებელი პირების განმარტებას, სამართალდამცავები აქციაზე მყოფ პირებს უმიზეზოდ რატომ აკავებენ. გვარჯალაძემ ამ კითხვას პასუხი ვერ გასცა და თქვა, რომ თვითონაც არ იცის რა ხდება.
თბილისის ქუჩებში უკვე რამდენიმე საათია დაძაბულობაა. სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამის პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. კლუბის სტუმრები გარეთ გამოუშვეს და, როგორც შსს ამბობს, ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დააკავეს. თუმცა, სპეცოპერაციის პარალელურად, პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ახალგაზრდების დაკავება დაიწყო. მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, რამდენიმე ათეულია.
ადგილზე მობილიზებულმა ასობით სამართალდამცავმა “ბასიანთან” შეკრებილები ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით დაშალა, რის შემდეგაც მათ პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. პოლიციამ მათ აქაც არ მისცააქციის თავისუფლად ჩატარების საშუალება, რა დროსაც არაერთი პირი დააკავეს.