საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ დღევანდელი დღე არაერთი წლის მუშაობის შედეგია:
“უნდა მივულოცო ქართველ ხალხს დღევანდელი დღე. ეს არის ქართული საზოგადოებისა და საქართველოს სახელმწიფოს ძალიან სერიოზული წარმატება. მნიშნელოვანია, რომ ეს არის ქართული ნაციონალური იდენტობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ეს არის არაერთი წლის მუშაობის შედეგი და სახელმწიფოებრივი სერიოზული წარმატება. ჩვენ უნდა დავრჩეთ ამ დღის ერთგულები, იმის ერთგულები, თუ რაც გავაკეთეთ აქამდე და გავაგრძელოთ სხვა ევროინტეგრაციისკენ. საფრთხეები რასაკვირველია გაიზრდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპულები და მშვიდები ჩვენს არჩევანთან მიმართებაში.”
უმცირესობის კიდევ ერთი წევრი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ საშინაო დავალება გადაჯაჭვულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან:
“რაც ვილნიუსში ხდება, ამ პროცესის წინააღმდეგი გაცხადებულად არის რუსეთი, ჩვენი ხელისუფლება კი ცდილობს რუსეთს ისე აამოს, რომ თითქოსდა ამით შეიძლება რაღაცის თავიდან აცილება. არაფრის თავიდან აცილება არ მოხერხდება. რუსეთთან პირდაპირ, დიპლომატიური ენით, მაგრამ პრინციპულად არის სათქმელი, თუ რა პრობლემებს ვხედავთ ურთიერთობაში და მაშინ დაგვიდგება საერთაშორისო თანამეგობრობა გვერდში, მაგრამ რუსეთის ზეწოლას, დაშანტაჟებას და პროვოკაციებს ხელი შეეწყობა, თუ ქვეყნის შიგნით პრინციპულ საკითხებზე არ იქნება ერთიანობა, და როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა გუშინ, თუ ხელისუფლება ასე გააგრძელებს შურისძიების ემოციებით ქვეყნის მართვას, ეს არ წაადგება ქვეყნის ინტერესებს.”
საპარლამეტნო უმრავლესობის წევრის, დავით ბერძენიშვილის თქმით, ევროპამ საქართველო მის შემადგენლობაში სცნო:
“იმ ათას გვერდს, რასაც ხელი მოეწერა საქართველოს მხრიდან, ჩვენ შევასრულებთ. ეს არის კონკრეტული ვალდებულება. ჩვენ გაისად, სავარაუდოდ, სექტემბერში უკვე ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას, რაც ევროპაში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელთა საკმაო ნაწილი არალეგალურად იმყოფება იქ, ნიშნავს პირობებს იმისთვის, რომ მათ კანონთან სრულ შესაბამისობაში იმუშაონ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის, მათი ოჯახებისთვის. ჩვენი საქონლისთვის იხსნება ევროკავშირის ბაზარი, მსოფლიოს ყველაზე დიდი – 580 მილიონიანი ბაზარი და მთავარი არის – ქართველები, რომლებიც თავს ყოველთვის ვაღიარებდით ევროპელებად, დღეს პრაქტიკულად ევროპის მიერ, მოლდოვასთან ერთად, კვლავ ვართ ნაცნობი მის შემადგენლობაში. დანარჩენი არის პროცესი”.
