სხდომის შესახებ კომიტეტების თავმჯდომარეების კომენტარებს საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს:
„სახელმწიფოს სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არ იცვლება, პირიქით, კიდევ უფრო იხვეწება. ამ სტრატეგიის ყველაზე წარმატებული ნაწილი ჯანდაცვის სფერო აღმოჩნდა. ჩვენი დღევანდელი სხდომა ეხებოდა „რეფერალურ პროგრამას“, რომელიც ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის. ეს პროგრამა არ არის დატვირთული მხოლოდ ჯანდაცვის კუთხით, ეს მიმართულება საქართველოს სტაბილურობისა და მშვიდობისათვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თვმჯდომარემ.
„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, ესარგებლათ „რეფერალური ჯანდაცვის პროგრამით“, რის საფუძველზეც სახელმწიფო ფარავდა მათი მკურნალობის ხარჯებს. ამ პროგრამით ისარგებლა ბევრმა მოქალაქემ და იმედი გვაქვს, დღევანდელი მუშაობის შემდეგ, აფხაზეთში და ოსეთში მცხოვრები კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ისარგებლებს. იმისათვის, რომ ჯანდაცვა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, საჭიროა დამატებითი ზომების მიღება, რაზედაც დღეს ვიმსჯელეთ. ნდობის აღდგენის კუთხით „რეფერალური ჯანდაცვის პროგრამა“ კონფლიქტურ მხარეებთან ურთიერთობისას უმნიშვნელოვანესია,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თვმჯდომარემ.