მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„გუშინ იყო 9 მაისი, გამარჯვების დღე, და გვქონდა შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან. ძალიან ამაღელვებელი და ემოციურად დატვირთული დღე იყო. ისინი არიან ღვაწლმოსილი გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე არ დაიშურეს თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად და, რა თქმა უნდა, იმსახურებენ განსაკუთრებულ პატივისცემას, არიან განსაკუთრებული ადამიანები – უკვე ხანდაზმულები, თუმცა ძალიან მეომრული შემართებით. პრაქტიკულად, მთელი დღე გუშინ მათთან ერთად გავატარე და ახლა, მთავრობის სხდომამდე მქონდა თათბირი მთავრობის რამდენიმე წევრთან, ძირითადად, ეკონომიკურ ბლოკთან. მინდა, გამოვაცხადო ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის მადლიერებას გამოხატავს ამ ადამიანების მიმართ. მინდა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გავუორმაგოთ პენსია. სამწუხაროდ, ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ და ჩვენ ნამდვილად გვმართებს, რომ თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება ვაჩვენოთ სახელმწიფოს მხრიდან. ეს იქნება მცირედი გამოხატულება მათდამი მადლიერებისა და კიდევ ერთხელ მინდა, ყველა მათგანს მივულოცო დღე, რომელიც მათთვის და მთელი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.