პარლამეტნის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ აღნიშნულ რეფორმაზე პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება დიდი ხანია მუშაობს და პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, კოდექსის ახლანდელი ვარიანტი თავდაპირველისგან ძალიან განსხვავდება:
“უფრო მეტად არის დაცული რაღაც ტიპის საფრთხეები, მაგრამ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს შეუძლია აქტიური მონაწილეობა მიიღოს განხილვაში. საკომიტეტო მოსმენები როდესაც დაიწყება, შეიძლება კიდევ განხორციელდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები მასში. ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობის კოდექსი, რადგან ჩვენ რეალური თვითმმართველობა ქვეყანაში არასოდეს გვქონია.”
სხდომას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, საზოგადოებაში არსებული აზრი, რომ თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით რაიონების დანაწევრება მოხდება, არასწორია:
“კოდექსი საკმაოდ ვრცელია და ის ნაწილი, რომელიც მზად იქნება 2014 წლისთვის, ძალაში ადგილობრივი არჩევნების შემდეგ შევა. გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი საკმაოდ ვრცელია და მოიცავს რამდენიმე რაუნდს, მიმდინარეობს ცალკეულ მუხლებზე განმარტებების მიცემა. ჩვენ არასამთავრობოებს შევხვდებით, ისევე, როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციას. საქართველოში 2006 წელს გააუქმეს თვითმმართელობა. გააუქმეს ათას ერთეულში და აიტანეს რაიონულ დონეზე. ახლა საუბარია იმაზე, რომ მოხდეს ოპტიმიზაცია. ქალაქებს ჰქონდეს თვითმმართველობა, პირველ რიგში. იყოს მაქსიმალურად ახლოს ამომრჩეველთან ეკონომიკური და ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. იწყება ამ მრავალწლიანი პროექტის პირველი ეტაპი. ის, რაც მზად იქნება 2014 წლის არჩევნებისთვის, აისახება 2014 წლის არჩევნებზე. ის, რაც მზად იქნება 2017 წლისთვის, ეს იქნება 2017 წლისთვის.”
კოდექსის საკომიტეტო განხილვა, სავარაუდოდ, დეკემბერში დაიწყება.