ახალი ამბები

GPB-ის მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

28 ნოემბერი, 2013 •
GPB-ის მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

კონკურსის საფუძველზე სამეურვეო საბჭოს 9 წევრის კანდიდატურა უნდა შეირჩეს. მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

 

მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განცხადებები 12 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.

 

პარალელურ რეჟიმში განხორციელდება საკონკურსო კომისიის დაკომპლექტება, რომლებმაც უნდა შეარჩიონ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები. საკონკურსო კომისია 9 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების საფუძველზე დაკომპლექტება და შესაბამის დებულებას დაამტკიცებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია “ნეტგაზეთთან” საუბარში ვარაუდობს, რომ 13 დეკემბრის სესიაზე პარლამენტი დაამტკიცებს საკონკურსო კომისიას, ხოლო წინა დღეს დასრულდება მეურვეობის კანდიდატების საბუთების მიღება პარლამენტში, რომელიც გადაეგზავნება საკონკურსო კომისიას. 

 

საკონკურსო კომისიამ უნდა შეარჩიოს 28 კანდიდატი, საიდანაც მოხდება სუბიექტებისგან მათ მიერ წარსადგენი კანდიდატების წარდგენა პარლამენტის წინაშე. კერძოდ, 2 წევრს ასახელებს სახალხო დამცველი, ერთს – აჭარის უმაღლესი საბჭო, 3-ს – საპარლამენტო უმრავლესობა და 3-ს – საპარლამენტო უმცირესობა.

 

“საუკეთესო შემთხვევაში, შესაძლოა, ახალ წლამდე მოესწროს ახალი სამეურვეო საბჭოს არჩევა,” – აცხადებს თამარ კორძაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი