ორგანიზაციის განცხადებით, აივ დადებითი პირების ექიმების მხრიდან დისკრიმისაციის ფონზე საქართველოში მათი სამედიცინო დახმარება იზღუდება.
“ნ.კ თითქმის ერთი წელია რაც აივ დადებითია, წარმატებული ანტირეტროვირუსული თერაპიის წყალობით თავს გრძნობს ჯანმრთელად და ეწევა სრულფასოვან ცხოვრებას. 16-ნოემბერს ალერგიული შეტევის გამო ნ.კ სასწრაფომ გადაიყვანა ახლომდებარე ჰოსპიტალში. მას შემდეგ, რაც ექიმმა შეიტყო მისი სტატუსის შესახებ, მკურნალობაზე უარი განაცხადა. პაციენტის მიმართ გულგრილი გახდა სამედიცინო პერსონალი, ასევე მას მოუწია გადაეტანა ღია აგრესია და დამცირება, როგორც პრაქტიკანტი სტუდენტების, ასევე, დაცვის თანამშრომლების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი ალერგიული შეტევის დიაგნოზით იყო, სადაზღვეო კომპანიამ უარი განუცხადა ხარჯების ანაზღაურებაზე.
საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ შოკისმომგვრელ მდომარეობას ცხადყოფს 2011 წლის ივნის-ივლისში პროექტ „Positive Power“_ის ფარგლებში საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში ჩატარებული გამოკითხვა. ოცამდე აივ დადებითი რესპონდენტი ადასტურებს მსგავს გამოცდილებას, რაც ნ.კ_ს შეემთხვა,”- წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
სპეციალისტების განმარტებით, ექიმები ცუდად რეაგირებენ, როცა პაციენტის აივ დადებითი დიაგნოზის შესახებ შეიტყობენ.
“კბილის ექიმები უარს ეუბნებიან მკურნალობაზე, კლინიკები თავს არიდებენ აივ დადებითი ქალების მშობიარობას, მაგრამ რიგ შემთხვევებში შედეგები ბევრად უფრო სავალალოა : თბილისის AIDS ცენტრი გვამცნობს ერთი ინფიცირებული პაციენტის შესახებ, რომელსაც გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა ჭირდებოდა. სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა არც ერთი ექიმი, რომელიც დათანხმდებოდა ოპერაციას. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გადაცემის შანსი თითქმის ნულის ტოლი იყო.”
აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ უკანასკნელ ათწლეულში აივ ინფექციის მკურნალობის მიღწევების ფონზე მედიკოსების მსგავსი ქმედება ხელს უწყობს საზოგადოებაში აივ ინფიცირებულების მიმართ უარყოფითი სტერეოტიპების განმტკიცებას, ლახავს აივ ინფიცირებული პაციენტების უფლებებს და წინააღმდეგობაში მოდის მსოფლიო საზოგადოების პოზიციასთან, ქვეყნის კანონმდებლობასთან და ექიმების პროფესიული ეთიკის პრინციპებთან.
.