ახალი ამბები

საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო არავინ დაუჯარიმებიათ

9 მაისი, 2018 • 2699
საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო არავინ დაუჯარიმებიათ

დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე საბჭოთა სიმბოლიკა გამოიყენეს, თუმცა კანონის დარღვევის გამო ჯერ [14:30] არავინ დაუჯარიმებიათ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “სოციალისტური საქართველო” გააფრთხილა, რომ არ გამოყენებინა საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლიკა, რაც “თავისუფლების ქარტიის” მე–7 მუხლის მე–6 პუნქტის დარღვევა იყო. კანონი კრძალავს საჯარო თავშეყრის ადგილებში საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას.

კანონის მიხედვით, ამ მუხლის დარღვევის თაობაზე გათვალისწინებულია ჯერ სიტყვიერი გაფრთხილება, შემდეგ- 1000 ლარიანი ჯარიმა.

გაფრთხლების მიუხედავად, “სოციალისტური საქართველო” ვაკის პარკში ჩატარებულ აქციაზე სტალინის სურათით, საბჭოთა კავშირის დროშებით და სხვა სიმბოლიკით მივიდა.

მიუხედავად გაფრთხილებისა, “სოციალისტები” მაინც აპირებენ საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მათ, ვინც საბჭოთა სიმბოლიკით გამოვიდა ქუჩაში, პოლიცია აფრთხილებდა, რომ სიმბოლიკა აეღოთ, რასაც მოქალაქეები ემორჩილებოდნენ. პოლიციის ცნობით, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებაზე არცერთი მოქალაქე არ დაუჯარიმებიათ.

პოლიციის ცნობით, სამი ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლის მიხედვით, ვაკის პარკში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წესრიგის დარღვევის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი