ახალი ამბები

მიუხედავად გაფრთხილებისა, “სოციალისტები” მაინც აპირებენ საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას

9 მაისი, 2018 • 5719
მიუხედავად გაფრთხილებისა, “სოციალისტები” მაინც აპირებენ საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას

“სოციალისტური საქართველო” არ ემორჩილება სუს-ის გაფრთხილებას და აპირებს, უცნობი ჯარისკაცის საფლავზე საბჭოთა სიმბოლოკით მივიდეს. ამის შესახებ ნეტგაზეთთან “სოციალისტური საქართველოს” ლიდერმა ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა.

“გაისუსოს სუსი იმიტომ, რომ სუსი იცავს უკანონო კანონს, ამ შემთხვევაში, უსამართლო კანონს. კომუნისტური მოძრაობა, სოციალისტური მოძრაობა არის მთელ მსოფლიოში, არსად არ არის აკრძალული, არცერთ საერთაშორისო კანონს, სასამართლოს, ტრიბუნალს კომუნისტური იდეალები და სიმბოლიკა არ აუკრძალავს. რა უფლება აქვს საქართველოს პარლამენტს, რომ აკრძალოს?

ჩვენ მოვედით აქ, მივაგებთ პატივს უცნობი ჯარისკაცის საფლავს, რომელიც თავისთავად არის საბჭოთა სიმბოლიკა, 9 მაისი თავისთავად არის საბჭოთა სიმბოლიკა და ეს იყო უდიდესი გამარჯვება საბჭოთა ხალხისა დასავლურ, გერმანულ ფაშიზმზე” – განაცხადა მან.

კითხვაზე, როგორ მოიქცევიან, თუ სუსი სანქციას დააკისრებს, კვარაცხელია გვპასუხობს, რომ იქნება პროცედურული გაგრძელებები სასამარლოში, ან სადმე სხვაგან.

“სოციალისტური საქართველოს” აქცია ვაკის პარკთან. თბილისი. 9 მაისი, 2018. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი / ნეტგაზეთი

“სოციალისტური საქართველოს” აქცია ვაკის პარკთან. თბილისი. 9 მაისი, 2018. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი / ნეტგაზეთი

“სოციალისტური საქართველო” დილიდან აქციას მართავს თბილისში, ვაკის პარკის შესასვლელში. მათ თან მიტანილი აქვთ სტალინის პორტრეტები და წითელი დროშები. პარტიის წევრებმა გვირგვინით შეამკეს ვაკის პარკში არსებული უცნობი ჯარისკაცის საფლავი. იქვე იმართებოდა ანტისაოკუპაციო აქცია, რომლის მონაწილეებმაც “სოციალისტური საქართველოს” წარმომადგენლები სტვენითა და შეძახილებით გააცილეს. ორი აქციის მონაწილეებს შორის პოლიცია იდგა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “სოციალისტური საქართველო” რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა, 9 მაისთან დაკავშირებით არ გამოიყენოს საბჭოთა სიმბოლიკა. ამის მიზეზი არის საქართველოში წლების წინ მიღებული “თავისუფლების ქარტია”, რომელიც კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავს.

კანონი არ ვრცელდება კერძო პირებზე, მაგრამ კანონი ადგენს, რომ საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება არ შეიძლება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაზე, მოედნებისა და ქუჩების სახელდება. ასევე, ამ სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია საზოგადოებრივი თავშეყრისა და საჯარო ადგილებში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174(16) მუხლის მიხედვით, გაფრთხილების მიუხედავად, თუ პირი გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, იგი 1000 ლარით დაჯარიმდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი