ახალი ამბები

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე პარლამენტმა შესაძლოა განცხადება გააკეთოს

26 ნოემბერი, 2013 • • 1119
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე პარლამენტმა შესაძლოა განცხადება გააკეთოს

კონსულტაციაზე მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და აღნიშნულ საკითხზე განცხადების შემუშავებაზე იმსჯელეს.

“გვსურს ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე  შესაბამისი განცხადება მივიღოთ, რომლის შინაარსი უნდა გამოხატავდეს უკრაინელი ხალხის ევროკავშირისკენ მისწრაფების მხარდაჭერას და განცხადებაში დაგმობილი უნდა იყოს რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა,”- ამბობს უმცირესობის წევრი ტარიელ ლონდარიძე.

“საქართველოს პარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას, უკრაინის მიერ ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ხელისუფლებაზე ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისა და შანტაჟის გამო. პარლამენტი გამოხატავს იმედს, რომ მოხერხდება არსებული წინააღმდეგობების გადალახვა, უკრაინის მთავრობა არ დაექვემდებარება რუსეთის ფედერაციის შანტაჟს და არ გადაუხვევს ევროპული ინტეგრაციის გზას,”- ვკითხულობთ უმცირესობის მიერ მომზადებულ განცხადების პროექტში.

თავის მხრივ, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ისეთი სულისკვეთების განცხადების გაკეთება, რომლითაც ყველა პროცესი შეფასდება და ერთგვარი კარნახი იქნება უკრაინისადმი, თუ როგორ უნდა მოიქცეს, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მისაღები არ არის:

“ჩვენ შევიკრიბეთ და ვისაუბრეთ ყველაზე ოპტიმალურ და დელიკატურ ვარიანტზე განცხადების.  ჩვენი პროექტი მდგომარეობს შემდეგში, რომ  საქართველო ითვალისწინებს რა მის, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ პოტენციალს არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გათვალისწინებით, არ იშურებს ძალისხმევას, რომ უკრაინამ სრულფასოვანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უახლოეს დროში მოახდინოს. ეს პროექტი შევთავაზეთ უმცირესობას. მიხარია, რომ საერთო განწყობა ორივე მხრიდან ადეკვატურია და იმედი მაქვს, რომ ტექსტზე შევთანხმდებით,”- ამბობს ევროპასთან ინტეგრაციის  კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე.

მისივე თქმით, დიდ აუცილებლობას ვერ ხედავს იმაში, რომ ეს განცხადება ხვალინდელ პლენარულ სხდომაზევე მიიღონ, რადგან ვილნიუსის სამიტი ორ დღეშია ჩანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი