ახალი ამბები

გიგი უგულავა: ნარმანიას ხრიკებით შეჩერდა თბილისის შემოვლითი რკინიგზა

25 ნოემბერი, 2013 •
გიგი უგულავა: ნარმანიას ხრიკებით შეჩერდა თბილისის შემოვლითი რკინიგზა

უგულავას განცხადებით, ივანიშვილი ცდილობს, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებული ყველა სტერეოტიპი დაანგრიოს, რაც მისასალმებელია:

  

გიგი უგულავა
გიგი უგულავა

”სტერეოტიპი დაამსხვრია, როცა პრეზიდენტად ავირჩიეთ “კალიგულას ცხენი” და ეს ყველაზე გავრცელებული მეტაფორა იყო, რაც მას უხდებოდა. ახლა თბილისის მერად გვთავაზობენ კალიგულას პონს. არ ვშაყირობ, გულწრფელად ვამბობ, სტერეოტიპები უნდა დაინგრეს. გუშინ ვკითხულობდი განცხადებებს, რომ “აი, თბილისელი არ არის”, მე არ ვთვლი, რომ მაინცდამაინც ხოხობთან ერთად დაბადებული ადამიანი უნდა იყოს თბილისის მერი”.

 

უგულავას განცხადებით, ნარმანიამ, როგორც მინისტრმა ერთი წლის განმავლობაში თბილისს ორი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი წაართვა:

 

”მე შემიძლია ამ ადამიანზე ვილაპარაკო, როგორც მინისტრზე. ამ ადამიანმა 6 თვის განმავლობაში საერთოდ ვერაფერი გააკეთა – ყველა პროექტი გააჩერა, რადგან ვერ გაერკვა, რისი მინისტრი იყო. შემდეგ მისი უშუალო მეცადინეობით და ხრიკებით შეჩერდა თბილისის შემოვლითი რკინიგზა. ასევე მისი უშუალო დავალებით შეჩერდა სამანქანო ხიდის პროექტი, რომელიც ვეფხვისა და მოყმის ძეგლიდან სამტრედიის ქუჩაზე გადადიოდა და საცობების განმუხტვისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. ასე რომ, თავისი ინფრასტრუქტურის მინისტრობის ერთი წლის განმავლობაში, ნარმანიამ ორი ინფრასტრუქტურული პროექტი წაართვა თბილისს. ამ ადამიანს საერთოდ არ ამოუღია ხმა მაშინ, როცა მთავრობამ 50 მილიონით შეუმცირა ქალაქს ბიუჯეტი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ამ ადამიანს ევალებოდა ცენტრალური მთავრობიდან რეგიონების კოორდინირება და როცა მთელი ერთი წლის განმავლობაში რეგიონებში, ცეცხლითა და მახვილით, ყველა ძალოვანი სტრუქტურა ”ოცნების ხატზე” აფიცებდა საკრებულოს არჩეულ წევრებს, ერთხელაც არ ამოუღია ხმა და არ გაუპროტესტებია ის ძალადობა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ ხორციელდებოდა. ამ ადამიანმა გამოცხადების დღესვე, ერთ მარტივ და არა რთულ და ქვეწყობილ წინადადებაში ორჯერ ახსენა ”41”, რაც იმას ნიშნავს, რომ თავიდან ბოლომდე პარტიის და პარტიული ინერციის ამარაა და მხოლოდ და მხოლოდ პარტიის და პარტიული ინერციის ხარჯზე უნდა გახდეს თბილისის მერი და არა საკუთარი ინდივიდუალურობის. აი, ეს არის ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შემოგვთავაზა. მე მას ვთავაზობ ღირსეულ, სუფთა კამპანიას და მზად ვარ, არა დებატები, არამედ დისკუსია შევთავაზო თბილისის საკითხებზე, იმ პრობლემებზე, რომლებიც ობიექტურად არსებობს, რომლის მოგვარებაც შეიძლება ჩემი მერობის პერიოდში ვერ მოვახერხეთ და ასევე იმ პრობლემებზე, რომლებიც ცენტრალურმა მთავრობამ ამ ერთი წლის განმავლობაში შეუქმნა თბილისს”.

ქართული ოცნების მერობის კანდიდატად რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანიაა წარდგენილი.  გადაწყვეტილება კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ 2013 წლის 23 ნოემბერს მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი