“მივესალმები ყრილობის დელეგატებს და მოწვეულ სტუმრებს და განსაკუთრებული პატივისცემით მე მინდა მივესალმო ბიძინა ივანიშვილს და მადლობა გადავუხადო მას. მადლობა იმისათვის, რომ დღეს საქართველო თავისუფალია, მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა, თქვენ დაგვიბრუნეთ ჩვენი სამშობლო, მადლობა იმისთვის, რომ განსხვავებული აზრისთვის აღარავის დევნიან, მადლობა სიცრუის, ძალადობის და უსამართლობის დამთავრებისთვის, მადლობა იმისთვის, რომ ქუჩაში ჩვენს თანამოქალაქეებს აღარავინ კლავს, ციხეებში პატიმრებს აღარ აწამებენ. მადლობა წართმეული უფლებების დაბრუნებისთვის. მადლობა ღირსების დაბრუნებისთვის, მომავლის იმედისთვის, საქართველოს გადარჩენისთვის, მადლობა ყველაფრისთვის”– განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა ივანიშვილს მადლობა გამოცხადებული ნდობისთვისაც გამოუცხადა. მისივე თქმით, დღეს, 24 ნოემბერს დამტკიცებული პარტიის ახალი წესდებიდან გამომდინარე “ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო” თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის.
“შეიცვალა მისი სტრუქტურა და მმართველობის წესი. ახალი სტრუქტურა პარტიას საშუალებას მისცემს, ორგანიზაციულად სწორად წარმართოს თავისი საქმიანობა, იყოს კიდევ უფრო ქმედითი, გაააქტიუროს თავისი საქმიანობა და დააკმაყოფილოს ყველა ის პირობა, რომელიც საჭიროა თანამედროვე ევროპული ტიპის პარტიისთვის, რომელიც ამავე დროს ქვეყნის მმართველ კოალიციაში შემავალი ყველაზე დიდი პარტიაა. სწორედ ეს არის ჩვენი პარტიის მთავარი გამოწვევა. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებაში. სწორედ ახლა შეგვიძლია დავანახოთ ყველას, რომ ნამდვილად ვადგავართ დემოკრატიის გზას, პირველ რიგში, იმით, რომ პარტიის შიგნით დავიცავთ დემოკრატიულ ღირებულებებს და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმას, რომ ჩვენი პარტიული საქმიანობა რამენაირად გადაეჯაჭვოს ხელისუფლების საქმიანობას, გაიგივდეს ხელისუფლებასთან. ჩვენ უნდა დავნერგოთ ეს სტანდარტი, რადგან სწორედ ამით განსხვავდება თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო სხვა ქვეყნებისაგან. ჩვენ ვალდებული ვართ, ცივილიზებული ცხოვრება დავიწყოთ”.- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმითვე, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ იზიარებს თანამედროვე მსოფლიოს პროგრესული იდეოლოგიის ძირითად პრინციპებს და ეფუძნება სოციალური სამართლიანობის, თითოეული მოქალაქის თავისუფლების, თანასწორობის, მათთვის თანაბარი შესაძლებლობების არსებობის, საზოგადოებრივი და საერთაშორისო სოლიდარობის ღირებულებებს.
“პარტიის მიზანია საქართველოში სოციალურად ორიენტირებული, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, რომლის მამოძრავებელი იქნება ძლიერი საშუალო ფენა და ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოება. პარტია აღიარებს საბაზრო ეკონომიკის მთავარ პრინციპებს, რაც ნიშნავს კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას და ამავდროულად უშვებს სახელმწიფო საკუთრებას იქ, სადაც ეს აუცილებელია. პარტია ასევე აღიარებს კონკურენციაზე დამოკიდებული ანუ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფოს იდეას, რომლის ძირითადი მიზანია ეროვნული კეთილდღეობის სტრატეგიის შემუშავება და ცხოვრებაში გატარება.
პარტია მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, მათ შორის, ნებისმიერი უმცირესობის უფლებების დაცვის კუთხით, საზოგადოებრივი აქტიურობისა და ჩართულობის ხელშეწყობა, მისი პასუხისმგებლობისა და მატერიალური დამოუკიდებლობის ამაღლება არის სამოქალაქო საზოგადოებისაკენ მიმავალი სწორი გზა”.–განაცხადს ღარიბაშვილმა.
პარტიის ახალმა თავმჯდომარებ “ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს” საგარეო ურთიერთობების კურსზეც ისაუბრა. მისი თქმით, პარტიის მთავარი ამოცანაა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა და მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერტორიული მთლიანობის აღდგენა.
“ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება სახელმწიფო უშიშროების მთავარი წინაპირობაა. ეს ხელს უწყობს როგორც საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას, ისე კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ამ მიმართულებებით სახელმწიფო პოლიტიკის წარმატებამ აფხაზი და ოსი ძმები უნდა დაარწმუნოს ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების უპირატესობაში. პარტიის პოლიტიკური არჩევანია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რაც აუცილებლად მიაჩნია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატების ძირითადი წინაპირობებია დემოკრატიული ღირებულებების უპირობო დანერგვა და დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა.
საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობას, კერძოდ, საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში წვლილის შეტანას პარტია განიხილავს როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება უმნიშვნელოვანესი საგარეო-პოლიტიკური ამოცანაა. პარტია მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და მისი ადგილი არის იქ, სადაც ტრადიციული ევროპული დემოკრატიები თანაარსებობენ. პარტიის სტრატეგიული მიზანია, საქართველო გახდეს ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წევრი. პარტია მიისწრაფვის თავის მთავარ მოკავშირესთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ და საქართველო-ამერიკას შორის დადებულ ქარტიას განიხილავს როგორც ქვეყნის ვალდებულებას, პირველ რიგში, საკუთარი საზოგადოების წინაშე”.
ამ სიტყვების დასრულების შემდეგ სუფლიორი, რომელზეც პრემიერ–მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე ტექსტს კითხულობდა, გაითიშა, რამაც უხერხულობა შექმნა. ირაკლი ღარიბაშვილმა უხერხულობის განსამუხტად წყალი დალია, ხოლო შეკრებილმა საზოგადოებამ ტაში დაუკრა.
რამდენიმე წამის შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლა განაგრძო. მისი თქმით, პარტია მიისწრაფვის საქართველოსა და რუსეთს შორის დაწყებული დიალოგის გაღრმავებისკენ, რომლის მიზანიც იქნება ქვეყნებს შორის არსებული კრიზისის დაძლევის სტრატეგიის შემუშავება.
“პარტია მიიჩნევს, რომ დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკით საქართველომ უნდა შეიძინოს კავკასიური ინტერესების გამაერთიანებლის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და პოლიტიკური მოლაპარაკებების ხელშემწყობის ფუნქცია. პარტია, ასევე, მიისწრაფვის ევროპასა და მსოფლიოში მოქმედ პროგრესულ, დემოკრატიულ, სოციალ-დემოკრატიულ, სოციალისტურ, ლეიბორისტულ ძალებთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ”.– განაცხადა ღარიბაშვილმა.