EMC–ს განცხადებაში ნათქვამია, რომ იეჰოვას მოწმეთა მიმართ ძალადობის არაერთი ფაქტი გამოვლინდა, ამას ცხადყოფს როგორც მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული, ასევე “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” მიერ მიღებული ინფორმაცია:
“ეჰოვას მოწმეების მიმართ ჩადენილი ძალადობის ინდივიდუალური ფაქტები გამოიხატება ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის
დარღევაში, კერძოდ, ცემაში, იძულებაში (ხელიდან რელიგიური მნიშვნელობის ლიტერატურის გამოგლეჯა და დახევა, ნებადართული მოქმედების შესრულების აკრძალვა და სხვა), ასევე ხშირია მუქარები და ძალადობა უშალოდ რელიგიური წესის აღსრულების დროს. მათ შორის, სამეფო დარბაზზე თავდასხმები, შენობის დარბევები, ქონების დაზიანება და სხვა.
როგორც ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი აჩვენებს, ძალადობას ძირითადად ფიზიკური პირები, ასევე, ქრისტიანი სასულიერო პირები ახორციელებენ. პოლიციის თანამშრომლები კი რიგ შემთხვევებში ავლენენ შემწყნარებლობას ძალადობის მიმართ ან თავადაც ხდებიან მუქარის თანამონაწილეები. სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება შემოიფარგლება გამოძიების დაწყებით, რომელიც, როგორც წესი, რამდენიმე თვის შემდეგ წყდება. ხშირია გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის შემთხვევები, ასეთ დროს პოლიცია მხოლოდ სიტყვიერი ან წერილობითი გაფრთხილებით შემოიფარგლება ქმედების ჩამდენის მიმართ, ან უკეთეს შემთხვევაში, ქმედებას ადმინისტრაციულ გადაცდომად აფასებს”, – ნათქვამია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ ძალადობის მიმართ სახელმწიფოს „შემწყნარებლობა“ ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების სათანადო დაცვასა და ტოლერანტული, მშვიდობიანი საზოგადოების განვითარებას საგრძნობლად აფერხებს.