კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის დასრულების შემდეგ აეროპორტის შესაძლებლობები გასამმაგდება. ამის შესახებ მან ტერმინალის სამშენებლო სამუშაოების გაცნობის შემდეგ განაცხადა.
„დღეს აეროპორტი 300-მდე მგზავრს ემსახურება საათში და შესაძლებელი გახდება 1000-1100 მგზავრის მომსახურება. დღეს აეროპორტში 450 ადამიანი მუშაობს, ტერმინალის დასრულების შემდეგ მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნება და, შესაბამისად, ახალი შესაძლებლობები გაჩნდება რეგიონში,“ – განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა, რომელსაც სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალურმა დირექტორმა, ქეთევან ალექსიძემ მიაწოდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის შესრულებულია რკინა–ბეტონის სამუშაოების 90 პროცენტი, რომელიც სრულად მაისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება რკინის კონსტრუქციების მონტაჟის სამუშაოები და ამით პირველი ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები დასრულდება.
ახალი ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio–ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი კი IATA ქონსალთინგის მიერ არის გაკეთებული, რომელმაც ყველა იმ მომსახურების სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.
აეროპორტს 6 გასავლელი ექნება. ახალი ტერმინალის მთლიანი ფართი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ქუთაისის აეროპორტში ამ ეტაპზე 440 ადამიანია დასაქმებული, აეროპორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ მათი რიცხვი გაიზრდება.
განახლებული ტერმინალი 2019 წლის დასაწყისში, აეროპორტის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გაიხსნება და ერთდროულად სამჯერ მეტ მგზავრს მიიღებს.