ახალი ამბები

ნაცმოძრაობა: ხელისუფლება აგრძელებს ძირითადი ოპოზიციური ძალის სადამსჯელო ღონისძიებებს

21 ნოემბერი, 2013 • • 1328
ნაცმოძრაობა: ხელისუფლება აგრძელებს ძირითადი ოპოზიციური ძალის სადამსჯელო ღონისძიებებს

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნადიკვრის ქუჩის #8-ში მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის რაიონული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული, “ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო აზომვითი სამუშაოების საბაბით (სასამართლოს ყოველგვარი გადაწყვეტილების გარეშე)”.

“მათი განმარტებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ვინმე გია სესიტაშვილის განცხადების საფუძველზე, რომ თითქოსდა პარტიამ აიძულა იგი ფართი გაეყიდა.

ჩვენი მხრივ, გვინდა განვმარტოთ, მ.პ.გ. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნული ფართი კანონის სრული დაცვითა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ზემოხსენებული პიროვნებისგან მართლაც შეიძინა 2006 წელს. არც მაშინ და არც მას შემდეგ რაიმე სახის პრეტენზია ამ პიროვნებას არ ჰქონია”, – ნათქვამია “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში.

“ნაცმოძრაობის” ცნობით, გია სესიტაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი აქტივისტია:

 

“ყოველივე ეს ნათელყოფს, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული. ეს არის თვითმმართველობის წევრებსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ აქტივისტებზე განხორციელებული ზეწოლის ლოგიკური გაგრძელება, რომელსაც სათავე ჯერ კიდევ 2012 წლის 1–ლი ოქტომბრიდან დაედო და რომელიც პოლიციის, პროკურატურისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ხორციელდება.

როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ მიერ გამოთქმული ვარაუდი პოლიტიკური ზეწოლის ახალი ტალღის შესახებ მართლდება. ამასვე გვაფიქრებინებს ახლად არჩეული პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საპარლამენტო ტრიბუნიდან წარმოთქმული მუქარა, რომელიც მისდამი კრიტიკული კითხვების საპასუხოდ გაისმა.

ეტყობა, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება ვერ გუობს ქვეყანაში განსხვავებული აზრის არსებობას და კვლავაც განაგრძობს ძირითადი ოპოზიციური ძალის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას”, – ნათქვამია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ნაცმოძრაობის ოფისში აზომვით სამუშაოებს არა შსს, არამედ იუსტიციის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი ატარებს. 

 

“თელავის რაიონული სამართველო აწარმოებს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლით, მუქარის საქმეზე და სწორედ ამ გამოძიების პროცესში მიმდინარეობს ეს პროცესი”, – აცხადებენ პოლიციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი