ახალი ამბები

ხუხაშვილი ამბობს, რომ მისი სახელით პატრიარქზე გავრცელებული განცხადება ყალბია

2 მაისი, 2018 • 3453
ხუხაშვილი ამბობს, რომ მისი სახელით პატრიარქზე გავრცელებული განცხადება ყალბია

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ფეისბუკში, პატრიარქის კრიტიკის მიზნით, მისი სახელით გავრცელებული განცხადება ფაბრიკაციაა. როგორც ხუხაშვილი აცხადებს, მისი სახელის დაკნინება რიგი ორგანიზებული ჯგუფების ინტერესებში შედის.

ნეტგაზეთთან საუბარში ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ კამპანია გარკვეულმა დაჯგუფებამ წამოიწყო, რომლებსაც, შესაძლოა, სახელმწიფოსთან დაახლოებული პირები აფინანსებენ.

“საქართველოში არიან ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც ასეთ ბინძურ დავალებებს დაკვეთით ასრულებენ. ადამიანის დისკრედიტაციას  ცდილობენ, თუმცა ამასაც აქვს თავისი წითელი ხაზები. ამ ამბით ის წითელი ხაზებიც გადაკვეთილია, როდესაც ყალბი პროფილი კეთდება, რაღაც ქვეყნდება და რაღაც კომენტარები ჩნდება. ისინი ცდილობენ, რომ ამ “ბინძური ვირუსით” მოწამლონ ადამიანები. თუმცა, პირადად მე ამას მშვიდად ვუყურებ. თუ მართალი ხარ, საბოლოო ჯამში, ტალახი არ მოგეცხობა,” – განაცხადა გია ხუხაშვილმა ნეტგაზეთთან. 

კითხვას, თუ ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს მისი დისკრედიტაცია, ხუხაშვილი პასუხობს, რომ იგი არცერთ სახელისუფლებო ჯგუფს არ მოსწონს.

“აღნიშნულ ჯგუფებს ფულს უხდის ის ხალხი, რომელმაც იგრძნო საფრთხე, რომ მე შეიძლება რაღაც ფორმით ხელისუფლებას მივუახლოვდე, ან რეინტეგრაცია მოვახდინო. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ  ეს შიშები ბევრს გაუჩნდა. კონკრეტულად რომელი ჯგუფია, არ ვიცი. მე სახელისუფლებო ჯგუფებში [გადატანითი მნიშვნელობით] აღმოსავლეთის ექსპრესში ვზივარ, არცერთ ჯგუფს მაინცდამიანც არ ვეხატები გულზე. გამოძიებასაც არ ვაპირებ, რა უნდა ვიძიო? ეს მათი პრობლემაა,”- უთხრა ნეტგაზეთს გია ხუხაშვილმა.

განცხადება, რომელზეც ხუხაშვილი საუბრობს, სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში პირველი მაისიდან ვრცელდება. ამ განცხადების მიხედვით, თითქოს ხუხაშვილი ამბობს, რომ ილია მეორე არა მხოლოდ დაახლოებულია ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, არამედ, თავისი სტატუსით სარგებლობს და უკანონო ბიზნესს აწარმოებს. აღნიშნულ განცხადებას საზოგადოების მხრიდან ძირითადად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი