დღეს, 2 მაის,ს თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების ქართული კომპანია “აიისას” საქმე განიხილა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას 4 მაისს გამოაცხადებს.
საქმე ეხება ქვემოთ მოცემულ შეფუთვას, რომელიც თბილისის მერიის აზრით არღვევს რეკლამის კანონს.
თბილისის მერიამ პრეზერვატივების ქართული კომპანიის”აიისა” დამფუძნებელ ინდმეწარმეს არასათანადო რეკლამირების ბრალდებით სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და განსახილველად საქალაქო სასამართლოს მიმართა.
მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევის თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159–ე მუხლის დარღვევისთვის შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.
საქმეზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია. აღნიშნული მუხლის დარღვევა ფიზიკური პირებისთვის 500–ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
მერიის ზედამხედველობის სამსახურმა “ნეტგაზეთს” განუმარტა, რომ “აიისასთვის’ ჯარიმის ოქმის გამოწერისას რეკლამის შესახებ კანონის მე–3 მუხლის მე–2 და მე–5 პუნქტების მიხედვით იხელმძღვანელა:
მუხლი 3:
2. არასათანადო რეკლამა – არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
5. არაეთიკური რეკლამა – რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების,რასის, პროფესიის, სოციალური საკუთრების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს.
მერიას რეაგირებისთვის “ქართული იდეის” წევრებმა მიმართეს. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი აღაშფოთა პრეზერვატივზე თამარ მეფის გამოსახვამ, ხოლო მის გვერდით არის წარწერა ‘სამეფო კარი თამარში”.
“განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის, რომ პრეზერვატივზე გამოსახულია ადამიანის ხელი, რომლის სამი თითი (ნეკა, ცერა, არათითი) მოხრილია, ხოლო ორი (საჩვენებელი და შუათითი) გასწორებულია. ორ გასწორებულ თითზე ჩამოცმულია პრეზერვატივი. პრეზერვატივზე გამოსახული ხელის ფორმით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები მღვდელმოქმედებისას გამოსახავენ ჯვარს და ასევე ამ ფორმით ლოცავენ მრევლს”, – წერია მათ განცხადებაში, რომლითაც მერიას მიმართეს.
როგორც “ქართული იდეის” ხელმძღვანელმა ლევან ჩაჩუამ “ნეტგაზეთს” უთხრა, მსგავსი შინაარსის სტიკერები თბილისის სხვადასხვა ბარშია დარიგებული.
ბრალდებას არ ეთანხმება “აიისას” დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე. იგი აბსურდულს უწოდებს “ქართული იდეის” მოთხოვნას.
“განცხადებაში თავისი სუბიექტური აღქმები აქვს მოყვანილი. ორი თითის დიზაინზე ნათქვამი აქვს, რომ ჯვარია. არ არის ჯვარი”, – ამბობს ანანია გაჩეჩილაძე.
ანანია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ “ქართულმა იდეამ” გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მისი პერსონალური ინფორმაცია იყო გასაჯაროებული, რის გამოც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართა.
გაჩეჩილაძე ამბობს, რომ პროკურატურას მიმართა მის მიმართ ძალადობის გაღვივებაზე, რადგან განცხადებაში ძალადობრივი მოწოდებები მისი მისამართითაა გამოთქმული იმ ფონზე, რომ ყველამ გაიგო მისი მისამართი და არ გამორიცხავს, რომ ვინმე თავს დაესხას.
“აიისას” ინტერესებს სასამართლოში საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა იცავს. ორგანიზაციის იურისტი, გიორგი მშვენიერაძე ბრალდებას აბსურდულს და გაუგებარს უწოდებს.
კომპანიის ადვოკატმა პროცესზე მაგალითად მოიყვანა ლიტვის პრეცედენტი, როდესაც სასამართლომ “რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი” რეკლამისთვის ერთ-ერთი ტანსაცმლის საწარმო გაამტყუნა, ხოლო ამ გადაწყვეტილების გამო ევროსასამართლომ თვითონ ლიტვის სახელმწიფო დააჯარიმა.
დღევანდელ პროცესს გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთიფანიძე, ჯონდი ბაღათურია და მათი თანამოაზრეები ესწრებოდნენ, რომლებიც “აიისას” შეფუთვას “მართლმადიდებლობის შეურაცხყოფად” მიიჩნევენ.