ახალი ამბები

ყაზბეგში დარიალის გვირაბი 51 892 174 ლარად შენდება

2 მაისი, 2018 • 2507
ყაზბეგში დარიალის გვირაბი 51 892 174 ლარად შენდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, დარიალში გვირაბი შენდება, რაც მგზავრებს შეუფერხებელი გადაადგილების საშუალებას მისცემს.

გვირაბის მშენებლობა სრულად მოაგვარებს პრობლემას და  ამ მიმართულებით ქვეყანას ექნება სტაბილური სატრანზიტო გზა, აცხადებს სამინისტრო.

ბოლო წლების განმავლობაში დარიალის ხეობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა,  რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას.

სტიქიის პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა. 2014 წელს ხეობაში სქიტია გააქტიურდა – ჩამოწვა მეწყერი, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.

  • 2007 წლის აგვისტოს ღვარცოფის შემდეგ საავტომობილო გზა 2 თვით დაიკეტა
  • 2014 წლის მაისში და ივნისში განვითარებული მოვლენების გამო საავტომობილო გზა 1 თვით დაიკეტა
  • 2014 წლის აგვისტოში ღვარცოფის გამო გზა 10 დღით დაიკეტა
  • 2016 წელს ღვარცოფის გამო საავტომობილო გზა 14 დღით დაიკეტა

სამინისტროს ცნობით, გზის გადაკეტვა ქვეყნისთვის საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად.

დარიალის გვირაბს კომპანია “ფერი” აშენებს. პროექტის ღირებულება 51 892 174 ლარია.

გვირაბის აშენებაზე პირველად 2014 წელს განაცხადა ინფრასტრუქტურის მაშინდელმა მინისტრმა დავით შავლიაშვილმა.

“ეს სიტუაცია თავიდან რომ ავიცილოთ, ვგეგმავთ, რომ გვირაბის პროექტირება დავიწყოთ, რომელიც ამ პრობლემას, რა თქმა უნდა, მოხსნის. საკმაოდ ძვირადღირებული პროექტი იქნება, მაგრამ ეტაპობრივად ალბათ განვახორციელებთ”, – განაცხადა შავლიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი