ახალი ამბები

ზუსტი სტატისტიკა – თურქეთის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქის სტატუსით

20 ნოემბერი, 2013 • • 4287
ზუსტი სტატისტიკა – თურქეთის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქის სტატუსით

საზოგადოების ერთი ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ბოლო გადაწყვეტილებას აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ უცხოელებზე, განსაკუთრებით თურქეთის მოქალაქეებზე, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის სახიფათოა. “ბათუმელებმა” იუსტიციის სამინისტროდან სწორედ თურქეთის იმ მოქალაქეებთან დაკავშირებით გამოითხოვა სტატისტიკური მონაცემები, ვისაც ყოფილმა პრეზიდენტმა მოქალაქეობა მიანიჭა.

 

წელს მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქის სტატუსის მისანიჭებლად სამ თვეში სამი ბრძანება გამოსცა: 10 სექტემბერს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა თურქეთის რესპუბლიკის 935 მოქალაქეს, 13 ოქტომბრის ბრძანებით – 1088 პირს, ხოლო 5 ნოემბრის ბრძანებით – 735 პირს. საქართველოს მოქალაქის სტატუსი სულ 2 758-მა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ მიიღო.

 

12 ნოემბერს პრეზიდენტის სასახლესთან კვლავ გაჩნდა მოქალაქეობის მსურველთა ცოცხალი რიგი. იმავე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმ დღეს მათთან 1490-ზე მეტი განცხადება შევიდა.

 

“დაახლოებით ერთი კვირის წინ მან [მიხეილ სააკაშვილმა] მიიღო გადაწყვეტილება, გამოეყენებინა ექსკლუზიური უფლებამოსილება საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით. ამ პირთა შორის უმეტესობა ჩვენი მოქალაქეები არიან, ისინი, ვინც ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამო იძულებით დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა”, – ეს განცხადება 12 ნოემბერს გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ 12 ნოემბრის შემდგომ მონაცემებზე ინფორმაცია არ აქვთ:

 

“ჩვენ მოგაწოდეთ ის მონაცემები, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მივიღეთ”, – ამბობენ სააგენტოში. შესაბამისად, გაურკვეველია, 12 ნოემბრის შემდეგ მიანიჭა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა უცხოელებს საქართველოს მოქალაქის სტატუსი.

 

რა დამსახურებისა თუ განსაკუთრებული მიზეზის საფუძველზე მიიღეს აღნიშნულმა პირებმა საქართველოს მოქალაქეობა? – სააგენტოს მიერ მოწოდებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს, პირს მოქალაქეობა მიანიჭოს “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის და პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის ბრძანებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველად. სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ “საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე”. პერსონალური მონაცემი შეიძლება იყოს პირის დამსახურებაც ქვეყნის წინაშე.

 

მიხეილ სააკაშვილი თურქეთში ეთნიკურ ქართველებთან შეხვედრის დროს
მიხეილ სააკაშვილი თურქეთში ეთნიკურ ქართველებთან შეხვედრის დროს

“ბათუმელების” ინფორმაციით, 2013 წლის თებერვალში საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან 4 თებერვალს ბათუმში დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის” 90 659 ათასი ლარით დააფინანსა. ორგანიზაციას თურქეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები უნდა შეეგროვებინა. კითხვაზე, ხომ არ დაეყრდნო პრეზიდენტი კვლევების მონაცემებს, როცა ორი ათასამდე თურქეთის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლაშა ადამია აცხადებს, რომ – არა:

 

“ეთნიკური ქართველები ამ კვლევების მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ისინი ნაკლებად აინტერესებს. ამიტომ ჩვენს გამოკითხვებსაც უნდობლად ეკიდებოდნენ, გვეკითხებოდნენ, თუ რისთვის გვჭირდებოდა ეს მონაცემები. იმ პირებს შორის, ვისაც პრეზიდენტმა მოქალაქეობა მიანიჭა, ეთნიკური ქართველი თითქმის არც ერთი არ არის”.

 

ლაშა ადამია ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში ათამდე პირმა თურქეთში სამ თვეს იმუშავა.

 

“ნახევარი თურქეთში მცხოვრები ქართველები იყვნენ, დანარჩენი კი – ორგანიზაციის წევრები. გამოკითხვა სტამბულში და მიმდებარე ქალაქებში მიმდინარეობდა. დაახლოებით 15-20 ათასი ეთნიკური ქართველი გამოიკითხა”.

 

ლაშა ადამიას თქმით, კვლევები არ იყო შეთანხმებული ოფიციალურ დონეზე: “ეთნიკურ უმცირესობებს თურქეთის ხელისუფლება ეჭვის თვალით უყურებს და არ გვინდოდა მათთვის პრობლემები შეგვექმნა”.

 

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვერ აკონკრეტებს, თუ რა ფორმით ჩაატარეს გამოკითხვები და კონკრეტულად ვინ მუშაობდა.

 

“იმ პირების ვინაობას ვერ დაგისახელებთ, ვინც რესპონდენტებთან მუშაობდნენ. გამოკითხვის წარმოებაში თითოს 1500 დოლარი გადავუხადეთ”, – ამბობს ის.

 

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზუსტ ინფორმაციას ვერც ფინანსების ხარჯვის შესახებ იძლევა. იგი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული დაფინანსება კვლევისთვის საკმარისი არ იყო:

 

“თურქეთში ცხოვრება ძვირი ღირს – პროექტით გათვალისწინებული ფინანსები სასტუმროზე, კვებასა და მგზავრობაზე დაიხარჯა; ზუსტი მონაცემების შეგროვებას ასიათასობით ლარი დასჭირდება”.

 

90 659 ლარის დახარჯვის შედეგი – ლაშა ადამიას ორგანიზაციამ თურქეთში მცხოვრები ქართველების შემდეგი მესიჯები ჩამოიტანა:

 

“ძალიან ბევრ მდიდარ და გავლენიან პირზე მოვიპოვეთ ინფორმაცია. მათ, სამწუხაროდ, არ აინტერესებთ საქართველოსთან ურთიერთობა. შეიძლება ამ ადამიანების გამოყენება იმისთვის, რომ ქართული დიასპორა გაძლიერდეს თურქეთში ან ინვესტიციები წამოვიდეს საქართველოში, მაგრამ მათთან არ მუშაობს ქართული მხარე. ახალგაზრდობამ თითქმის არ იცის ქართული, მათ უნდათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მეტი ყურადღება მიაქციოს და ხშირად დაპატიჟოს საქართველოში სტუმრის სტატუსით”.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” გამგეობის წევრის გიორგი მშვენიერაძის შეფასებით, პრეზიდენტის აქტი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, არის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური აქტიც.

 

“როცა არ ვიცი ვის მიენიჭა მოქალაქეობა, ზოგად საფრთხეზე საუბარი ძნელია. თუ საქართველომ 400 მოქალაქე შეიძინა და ამას ვეძახით პირობითად საფრთხეს, ეს გადამეტებული აჟიოტაჟი მგონია. ვინც მიიჩნევს, რომ ადამიანის ეთნოსია საფრთხე, მას სერიოზული პრობლემა გააჩნია განათლებასთან.

 

ადამიანი ყველგან არის ადამიანი და მარტო ეთნოსს არანაირი საფრთხის შექმნა არ შეუძლია სახელმწიფო ინტერესებისთვის. ჩვენ ვართ არა ეთნოსზე, არამედ, მოქალაქეთა ერთობაზე დაფუძნებული სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, ინდოელი, ჩინელი, არაბი თუ თურქი, თუკი საკუთარ თავს მიაკუთვნებს ამ ქვეყანას და უნდა საქართველოში ცხოვრება, იქნება გადასახადის პატიოსანი გადამხდელი და კანონმორჩილი, მაშინ ეთნიკური ნიშნით საფრთხეზე საუბარი ზედმეტია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი