ახალი ამბები

კომპანია „RMG Copper“-ის თანამშრომლები გაიფიცნენ

20 ნოემბერი, 2013 • • 1378
კომპანია „RMG Copper“-ის თანამშრომლები გაიფიცნენ

კომპანიის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ 2013 წლის 13 ნოემბერს კომპანია „RMG Copper“-ის საბურღი დაზგის ოპერატორების ნაწილი არ გამოცხადდა ბოლნისში, სამუშაო ადგილებზე და კომპანიის ადმინისტრაციას 4 მოთხოვნა წაუყენა.


“მუშები ითხოვენ ხელფასის 100%-ით გაზრდას, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის მომსახურების გაფართოებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და უკანონო გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებას. თანამშრომელთა ამგვარმა ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი საწარმოო უბნის პარალიზება. მიუხედავად კომპანიის ადმინისტრაციის შეთავაზებისა, მოლაპარაკების გზით გადაეწყვიტა წარმოქმნილი პრობლემა, ამავე ჯგუფმა, დესტრუქციული გზით, დაიყოლია ექსკავატორის ოპერატორები, რათა ისინიც არ გამოცხადებულიყვნენ სამუშაო უბანზე. ბურღვის ოპერატორების ხელფასი შეადგენს 937 ლარს, ხოლო ექსკავატორების ოპერატორებისა- 1063 ლარს. კომპანიაში არასოდეს ყოფილა ხელფასის დაგვიანების ან შემცირების არც ერთი შემთხვევა. ეს თანამშრომლები თვეში მუშაობენ მხოლოდ 16 დღე და სარგებლობენ 40-დღიანი ანაზღაურებული შვებულებით. თითოეულ მათგანს გააჩნია ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი. ხშირად კომპანიაში ერთი ოჯახიდან დასაქმებულია რამდენიმე ადამიანი, რაც ოჯახის შემოსავალს მნიშვნელოვნად ზრდის”, –აცხადებენ კომპანიის პრესსამსახუში. 


„RMG Copper“-ის  და კომპანიის თანამშრომლების შეთანხმება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. როგორც კომპანიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, თანამშრომლები მოთხოვნებს არ ცვლიან, ხოლო ფინანსური საკითხის განხილვა და გადაწყვეტა მხოლოდ აქციონერთა კრებაზეა შესაძლებელი.


„RMG Copper“-ის მენეჯმენტის წარმომადგენლები დღეს, 12 საათზე, კომპანიის სათაო ოფისში საგანგებო ბრიფინგს მართავენ და შექმნილი პრობლემის დეტალებზე ისაუბრებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი