ნეტგაზეთი | პაშინიანი იმედოვნებს, რომ რუსეთი სომხეთის შიდა საქმეებში არ ჩაერევა პაშინიანი იმედოვნებს, რომ რუსეთი სომხეთის შიდა საქმეებში არ ჩაერევა – Netgazeti

პაშინიანი იმედოვნებს, რომ რუსეთი სომხეთის შიდა საქმეებში არ ჩაერევა

“რუსეთი, როგორც სახელმწიფო, რომელიც საერთაშორისო სამართალს პატივს სცემს, სომხეთის შიდა საქმეებში არ ჩაერევა”. ამის შესახებ სომხეთის საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, დეპუტატმა ნიკოლ პაშინიანმა დღევანდელ პრესკონფერენაციაზე განაცხადა.

კითხვაზე, რომელიც ეხებოდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ედვარდ ნალბანდიანის მოსკოვში მოლაპარაკებებს, პაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

“მე არაერთხელ ვთქვი, რომ მოძრაობას არ აქვს გეოპოლიტიკური კონტექსტი. შეიძლება იციან [სომხეთის ხელისუფლებამ], რომ სომხეთში მათ არ აქვთ მხარდაჭერა და შთაბეჭდილების შექმნა სურთ, რომ სადმე სხვაგან აქვთ ეს მხარდაჭერა. თუმცა, არ მგონია, რომ ეს სწორი აზრია”.

კითხვაზე, ხომ არ არსებობს საფრთხე, რუსეთმა ნეიტრალური პოზიცია შეცვალოს, ის ამბობს, რომ ასეთი საფრთხის შეგრძნება არ აქვს.

“იმიტომ, რომ სომხეთის მოსახლეობის ნება გადამწყვეტი ძალაა. დარწმუნებული ვარ, რუსეთის ხელისუფლებაშიც შეუძლიათ დარწმუნდნენ, რომ რუსეთში მცხოვრები სომხების 90% მხარდაჭერას გვიცხადებს. რუსეთის ქალაქებში მოძრაობის მხარდამჭერი მიტინგები იმართება. ათასობით სომეხი ჩამოვიდა მხარდასაჭერად, ბევრი მათგანი რუსეთის მოქალაქეა. დარწმუნებული ვარ, რუსეთი საკუთარი მოქალაქეების პოზიციას პატივს სცემს”, – აცხადებს პაშინიანი.

საპროტესტო აქციების დღეებში ოპოზიციის ლიდერს არაერთხელ მოუწია რუსეთის ფაქტორზე საუბარი.  საჯარო გამოსვლებში ის აცხადებს, რომ აქციები რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული და, შესაბამისად, რუსეთის ჩარევის რისკებზე საუბარი ზედმეტი უნდა იყოს.

მოსკოვმა ოფიციალური, თუმცა არაცალსახა კომენტარი სომხეთში აქციების შესახებ 23 მარტს გააკეთა, როდესაც რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარია ზახაროვა, ერევანში გამართულ საპროტესტო აქციასა და სერჟ სერგსიანის გადადგომას ფეისბუკით გამოეხაურა . როგორც ის თავის განცხადებაში აღნიშნავდა, “რუსეთი სომხეთს ყოველთვის დაუჭერს მხარს”.

საპროტესტო აქციების შედეგად სერჟ სარგსიანის გადადგომის შემდეგ სომხეთის პრემიერ -მინისტრის მოვალეობის შესრულებას ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი შეუდგა. სომხეთში საზოგადოების ნაწილი კარაპეტიანს პრორუს ჩინოვნიკად მიიჩნევს.  აქციების მიმდინარეობის პარალელურად, სომხეთის შიდა სიტუაცია მან რუს ჩინოვნიკებთანაც არაერთხელ განიხილა. სერჟ სარგსიანის მთავრობის წევრთა ხელისუფლებაში დარჩენა დემონსტრანტების მხრიდან უკმაყოფილებისა და საპროტესტო აქციების განახლების მიზეზი გახდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი