ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა” ინაუგურაციას არ დაესწრება

15 ნოემბერი, 2013 • • 1026
“ნაციონალური მოძრაობა” ინაუგურაციას არ დაესწრება

“27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატს გამარჯვება მიულოცა. ამით ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პატივისცემა ამომრჩევლის მიმართ და გადავდგით ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკური ცხოვრების ცივილიზებული სტანდარტის შესაბამისია.

სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ, პირველივე საჯარო განცხადებაში, არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ ითანამშრომლებს ოპოზიციასთან, ხოლო პრემიერმა ივანიშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველს პირდაპირი შეურაცხყოფა მიაყენა და დაბალი პოლიტიკური კულტურის ქონა დასწამა.

აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას უკლებლივ ყველა ამომრჩევლის მიმართ, პატივისცემას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, მაგრამ იმ პირობებში, როცა გამარჯვებული პოლიტიკური ძალა არა გაერთიანების, არამედ კონფრონტაციის სურვილითაა შეპყრობილი, როცა უკანონო პატიმრობაში რჩებიან ჩვენი თანამებრძოლები, მათ შორის, პარტიის გენერალური მდივანი, ხოლო ათასობით მხარდამჭერი დაკითხვებისა და პოლიტიკური დევნის წნეხის ქვეშაა, ინაუგურაციის საზეიმო ღონისძიებაზე დასწრება შეუძლებლად მიგვაჩნია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი