ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობა ლევან იზორიას განცხადებაზე რეაგირებას მოითხოვს

15 ნოემბერი, 2013 •
საპარლამენტო უმცირესობა ლევან იზორიას განცხადებაზე რეაგირებას მოითხოვს

უმცირესობის პროტესტი აკაკი ბობოხიძესა და შს მინისტრის მოადგილეს შორის მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია, რა დროსაც ლევან იზორიამ ბობოხიძეს ნაბიჭვარი უწოდა:

 

“ჩვენ დღევანდელ განხილვებში და კენჭისყრებში არ მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ჩანს ის აგრესია, რომელიც მთავრობის წარმომადგენლისგან მოდის. პირველად ხდება მსგავსი შემთხვევა, როდესაც კანონპროექტის განხილვისას მომხსენებელი აგრესიით გადმოდის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელზე. პარლამეტის ვიცე-სპიკერმა სიტუაციის განმუხტვაც ვერ შეძლო. ვფიქრობ, რომ დავით უსუფაშვილმა ამასთან დაკავშირებით კომენტარიც უნდა გააკეთოს და შენიშვნა უნდა მისცეს იზორიას,” – აღნიშნა გოკა გაბაშვილმა

 

უმცირესობის კიდევ ერთი წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ იზორიას ქმედება პარლამენტის ინსტიტუტის შეურაცხოფაა:

 

„ვწუხვარ, რომ კითხვები, რომელიც უკავშირდებოდა „განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, ჩემი მხრიდან იყო დასმული და არ შეიცავდა არავითარ პიროვნულ თავდასხმას მომხსენებელზე. ბატონი იზორია პირველად გადმოვიდა პიროვნულ შეურაცხყოფაზე. მან მე მომაყენა შეურაცხყოფა და თქვა, რომ არა ვარ კომპეტენტური. მთავრობის წარმომადგენლის მიერ პარლამენტისა და მისი ინსტიტუტის შეურაცხყოფის ფაქტი ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს. ის სიტყვები, რომლებიც მან საპარლამენტო ტრიბუნიდან გააჟღერა, მე არ მახსოვს ამ ტრიბუნიდან. ამის რეაგირების გარეშე დატოვება იქნება არა მარტო პარლამენტის წევრების, არამედ ამ ინსტიტუტის შეურაცხყოფა.”

 

კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს პოლიციის აკადემიისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭებას, ლევან იზორიამ წარადგინა, რასაც მოჰყვა საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან შეკითხვები და რეპლიკები ადგილიდან.

 

მიხეილ მაჭავარიანის რეპლიკას, იზორიამ უპასუხა: “ხელს ნუ მიშლი!” – რაზეც მაჭავარიანმა უპასუხა, რომ ნოტაციებს ნუ უკითხავდა.

 

“თუ საჭირო იქნება, წაგიკითხავ” – უთხრა იზორიამ, რაზეც აკაკი ბობოხიძემ მიუგო: “ბებიაშენს წაუკითხე!”

 

ამის შემდეგ შს მინისტრის მოადგილემ აკაკი ბობოხიძეს უთხრა:

 

“ბაბუაშენს წაუკითხე… ბობოხიძე, შენ მაგ სიტყვებს არ გაპატიებ! უყურე ამას! მაგ სიტყვებს არ ვაპატიებ, ნაბიჭვარი ეს!”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი