ახალი ამბები

გიორგი მაისურაძე: ბოტკოველის განცხადება ადამიანთმოძულეობის გამოხატულებაა

14 ნოემბერი, 2013 • • 1294
გიორგი მაისურაძე: ბოტკოველის განცხადება ადამიანთმოძულეობის გამოხატულებაა

გიორგი მაისურაძე მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო უსახლკაროებზე ვერ ზრუნავს, კერძო ინიციატივები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

 

“რა თქმა უნდა უსახლკაროებსა და სოციალურად დაუცველებზე ზრუნვა, უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს მოვალეობაა, მაგრამ როდესაც სახელმწიფო ვერ ართმევს თავს ამ პრობლემას, აუცილებელიცაა კერძო ინიციატივები. გარდა იმისა, რომ ხშირად საქმე ეხება ადამიანების ფიზიკური გადარჩენი პრობლემას, ამასთანავე კერძო ინიციატივების გაჩენა და მომრავლება საზოგადოების მორალური და ზნეობრივი განვითარებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც სოლიდარობის გრძნობას აჩენს. ამით უსახლკაროები და გაჭირვება აღარ იქნება ის თემა, რომელიც სახელმწიფოს პრეროგატივაა და რიგით მოქალაქეებს არ ეხებათ. საბოლოო ჯამში ვერანაირი სახელმწიფო ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუ საზოგადოება არ იქნება სოლიდარული.”

 

მაისურაძე მიიჩნევს, რომ  “მიხეილ ბოტკოველის განცხადება-შეფასება არის ტიპიური გამოხატულება იმ ადამიანთმოძულე და მორალურად დეგრადირებული ცნობიერების, რომელსაც საპატრიარქო და მის ირგვლივ გაერთიანებული ფაშისტოიდური ჯგუფები უკვე წლების მანძილზე ამკვიდრებენ საქართველოში. ესაა სახე მორალისა და ზნეობისგან დაცლილი რელიგიური ინსტიტუციისა, რომელმაც სახარებისეული მოყვასის სიყვარულის სარწმუნოება სიძულვილის, შეუწყნარებლობისა და მომხვეჭელობის ინსტრუმენტად აქცია,” – აღნიშნა მაისურაძემ.

 

მიქაელ ბოტკოველი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, საპატრიარქო წინ არ აღუდგება ნებისმიერი პირის მიერ მოხუცებისთვის ან ბავშვებისთვის დახმარების გაწევას, თუმცა ეს დახმარება არ უნდა მოხდეს “ლგბტ ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ”.

 

“თუ ვიღაცა მოხუცებზე და ბავშვებზე იზრუნებს, იმათ რატომ გავაკრიტიკებთ და რატომ გავხდით ამას მსჯელობის საგნად? მაგრამ თუ ლგბტ ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ უნდა მოექცეს ეს ყველაფერი, ამას გავაკრიტიკებთ. რა არის აქ გაუგებარი? სხვა დაეხმაროს, სხვამ განახორციელოს ამ ხალხზე მზრუნველობა, რაღა ლგბტ–ებმა უნდა განახორციელონ, გამაგებინეთ ერთი?” 

მასალების გადაბეჭდვის წესი