ახალი ამბები

ტყემალაძის თქმით, ტელეგადაცემისთვის დახმარებას “მეგობრულად” თხოვს საკრებულოებს

14 ნოემბერი, 2013 • • 1897
ტყემალაძის თქმით, ტელეგადაცემისთვის დახმარებას “მეგობრულად” თხოვს საკრებულოებს

თამაზ ტყემალაძე
თამაზ ტყემალაძე

ტყემალაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ეს წერილი არა ოფიციალური, არამედ მეგობრულია:

“ეს ოფიციალური რომ ყოფილიყო, ჩვენ კანცელარიაში გავატარებდით და ისე გადავცემდით. მეგობრული წერილია. სამწუხაროდ ქვემოთ არ წერია – “გკოცნით თქვენი თამაზი”, თორემ მეგობრული წერილებია”, – აცხადებს იგი და დასძენს, რომ მან წერილები “იმ რაიონებში დაგზავნა, სადაც თავისი მეგობრები ეგულებოდა”.

“არავითარ დაფინასებას არ ვითხოვ, კარგად ნახეთ, მე დავაგზავნე პირადი წერილები იქ, სადაც ჩემი მეგობრები არიან… იგივე დანელიას და მისი ძმების [ბრალია] აქ ბორდში, რომ იყვნენ და რომ  მოგვათავსეს ასეთ სიტუაციაში და არ გვაქვს თანხების [განკარგვის] უფლება. ტელევიზორში ხომ რაღაც უნდა გავიდეს, არა? ამიტომ, მე ჩემს მეგობრებს ვთხოვე, რომ თუ შეგიძლიათ მანქანით დაგვეხმარეთ, თორემ სამივლინებო თანხა ამათაც [შემოქმედებითი ჯგუფი] აქვთ და სასტუმროს თანხაც. წერია იქ ყველაფერი კარგად, მაგრამ მაგათ უნდათ ათასი მაიმუნობა. ამას ვამბობ ყოფილი ბორდის შესახებ. ეგენი არიან მტრები ამ ტელევიზიის, მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ ამ ტელევიზიისთვის”, – აცხადებს იგი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

ნინო დანელიას მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, თამაზ ტყემალაძე ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილს სწერს და გადაცმა “ლიხს იქით და ლიხს აქეთ” შემოქმედებითი ჯგუფის რაიონში ტრანსპორტირებას ასევე ადგილზე დახმარების გაწევას სთხოვს. წერილის მიხედვით, შემოქმედებითი ჯგუფი ლანჩხუთში 3–4 დღეს აპირებს დარჩენას და ტყემალაძეს გიგინეიშვილისაგან აინტერესებს, შეუძლიათ თუ არა მათ, რომ სათანადო საყოფაცხორვებო და სამუშაო პირობები შეუქმნან.

ზემოხსენებული ყოველკვირეული გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე 15 ოქტომბრიდან გადის. პროექტის ავტორი თვითონ თამაზ ტყემალაძეა. პირველი არხის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანოტაციის მიხედვით, ეს არის მხატვრულ-დოკუმენტური პროგრამა.

 

“გადაცემაში გაიგებ რით არის გამორჩეული, რა თავისებურების გამო შეიძლება შეიყვარო საქართველოს ესა თუ ის რეგიონი. აღმოაჩინო მის ირგვლივ საინტერესო ადამიანები, თემები … მიხვდე და მთხრობელმა დაგარწმუნოს, თუ რატომ არის ესა თუ ის ადგილი უნიკალური. შემოქმედებით ჯგუფში გამოცდილი და ასევე ახალგაზრდა, პერსპექტიული ჟურნალისტები არიან. გუნდი მოწოდებულია მაყურებელს გააცნოს ლიხს იქით და ლიხს აქეთ – მთელი საქართველო” , – ნათქვამია ანოტაციაში.

 

ტყემალაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ მან ავტოტრანსპორტირების თხოვნით წერილები სულ საქართველოს 5 რაიონში გაგზავნა: 4–დან კი უკვე დადებითი პასუხიც მიიღო. იგი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ საქმე ეხება, მხოლოდ ტრანსპორტით დახმარებას და არა ადგილზე რაიმე სახის ფინანსური საჭიროებების გაწევას:

 

“არაფერი მსგავსი არ არის. თუ შეუძლიათ რატომაც არა, ვისაც შეუძლია გამოგზავნონ მანქანა, არაფერი მანდ დანაშაული არ არის და თქვენ თუ ხედავთ, ან ისინი, ვინც გამოაქვეყნეს ეს წერილი, შეუძლიათ მიჩივლონ ამ “საშინელი დანაშაულისთვის”, – აცხადებს იგი.

ნინო დანელიას მიერ გავრცელებული წერილი
ნინო დანელიას მიერ გავრცელებული წერილი

მასალების გადაბეჭდვის წესი