ახალი ამბები

18 რელიგიური გაერთიანება კვიციანის ინიციატივას არ ეთანხმება

26 აპრილი, 2018 • 2156
18 რელიგიური გაერთიანება კვიციანის ინიციატივას არ ეთანხმება

კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა გამოცხადდეს “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა”, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო პარლამენტს მიმართავს და მოუწოდებს, არ დაუშვას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სანქციების დაწესება და კითხვის ქვეშ არ დააყენოს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და პლურალისტური განვითარება.

“პარლამენტში აქამდეც არაერთხელ განხილულა მსგავსი ინიციატივა. უნდა აღინიშნოს, რომ რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები ზედმიწევნით კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მწვავე პრობლემაა შეუწყნარებლობა და შეურაცხმყოფელი გამოხატვა საჯარო სივრცეში, რაკი, წლებია, სწორედ შეუწყნარებლობისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის სამიზნეები ვართ.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთანხმდებით, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზაცია, ან რაიმე სახით მისი დასჯის დაკანონება, საფრთხეს შეუქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რომლითაც ჩვენ ყველანი ვსარგებლობთ, პრობლემატურს გახდის პლურალიზმსა და უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ფართო დისკუსიის შესაძლებლობას.

მიგვაჩნია, რომ რელიგიური შეუწყნარებლობის გამოხატვასა და შეურაცხყოფას რელიგიურმა გაერთიანებებმა უნდა დავუპირისპიროთ სიტყვიერი შეგონება, საგანმანათლებლო საქმიანობა და სამოძღვრო მზრუნველობა. რეპრესიული გზებით ამ პრობლემის გადაჭრის მცდელობა კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის აგრესიისა და შეუწყნარებლობის პრობლემას”,- ნათქვამია განცხადების ტექტსში

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები, რომლებიც განცხადებას ხელს აწერენ:

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
სომეხთა კათოლიკე ეკლესია
ევანგელურ-ლუთერული ეკლესია
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
სახარების რწმენის ეკლესია
სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია
ეზიდთა სასულიერო საბჭო
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია
ევანგელური ეკლესია “სიცოცხლის სიტყვა”
წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
ქართველ მუსლიმთა კავშირი
სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველო
ხსნის არმია
საქართველოს კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება
მეგობართა საზოგადოება – კვაკერები
სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი