იაშვილის სახელობის კლინიკა ჩვილი ბავშვის ორგანიზმში ოპერაციის შემდეგ დოლბანდის ჩატოვების შესაძლო ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში, რომელიც კლინიკიდან “ნეტგაზეთს” გამოუგზავნეს ნათქვამია, რომ ახალშობილი იაშვილში 2016 წლის 28 აპრილს, 1 დღის ასაკში შეიყვანეს, სადაც სანაღვლე გზების ატრეზიის (განუვითარებლობის) დიაგნოზი დაუსვეს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სიაგნოზი იშვიათობაა და ბავშვის გადარჩენის ერთადერთი გზა ე.წ. კასაიას ოპერაციის ჩატარებაა, რათა მოხერხდეს მათი მიყვანა 1-2 წლის ასაკამდე, როდესაც ღვიძლის გადანერგვა უკვე შესაძლებელია:
“პაციენტი შემოვიდა იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ სააავადმყოფოში 2016 წლის 28 აპრილს, 1 დღის ასაკში. მდგომარეობის სიმძიმის გამო მოთავსებული იქნა ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, სადაც დაისვა სანაღვლე გზების ატრეზიის (განუვითარებლობის) დიაგნოზი. ეს მდგომარეობა მიეკუთვნება იშვიათ დაავადებებს და სტატისტიკით გვხვდება 1 შემთხვევა ყოველ 10.000-15.000 ახალშობილზე, ანუ საშუალოდ წელიწადში საქართველოში 3-5 ასეთი ახალშობილი იბადება. ღვიძლის ტრანსპლანტაციის დანერგვამდე ასეთი ბავშვების უმრავლესობა 5 წლის ასაკამდე იღუპებოდა ღვიძლის უკმარისობის გამო, ამიტომ ასეთი ბავშვების გადარჩენის ერთადერთი გზაა ურთულესი ქირურგიული ოპერაციის (ე.წ. კასაის ოპერაცია) ჩატარება დაბადებიდან რაც შეიძლება სწრაფად, რათა მოხერხდეს მათი მიყვანა 1-2 წლის ასაკამდე, როდესაც ღვიძლის გადანერგვა უკვე შესაძლებელია” – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც კლინიკიდან “ნეტგაზეთს” გამოუგზავნეს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იაშვილის კლინიკაში სანაღვლე გზების ატრეზიის დიაგნოზის დასმისთანავე ჩატარდა კასაის ოპერაცია. კლინიკაში ამბობენ, რომ ამ ოპერაციამ ექიმებს ბავშვის სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალება მისცა, რათა ის ღვიძლის გადანერგვისთვის საჭირო ასაკამდე მიეყვანათ:
“ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ოპერაციის გარეშე ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი იყო და ის დაიღუპებოდა ძალიან მოკლე პერიოდში. კასაის ოპერაცია სულ რამდენიმე წელია დაინერგა საქართველოში და ამ ოპერაციამდე ყველა ბავშვი სანაღვლე გზების ატრეზიით იღუპებოდა სიცოცხლის პირველი წლების განმავლობაში,” – ვკიოთხულობთ “ნეტგაზეთისთვის” გამოგზავნილ განცხადებაში.
იაშვილის სახელობის კლინიკაში ამბობენ, რომ ოპერაციის ჩატარებიდან ორი თვის შემდეგ ბავშვი გაეწერა ბინაზე გაუმჯობესებულ, სტაბილურ მდგომარეობაში, ღვიძლის ფუნქციური სინჯების საშუალოდ მომატებული მაჩვენებლებით. თუმცა, ერთი წლის ასაკში, ოპერაციიდან 10 თვის შემდეგ პაციენტი განმეორებით იყო ჰოსპიტალიზებული გამოხატული სიყვითლით და ღვიძლის ფუნქციური სინჯების მკვეთრად მომატებული მაჩვენებლებით:
“პაციენტს რეკომენდაცია მიემართა ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალისთვის, სადაც უკვე წლებია წარმატებით წარმოებს ღვიძლის ტრანსპლანტაცია. მისი შემდგომი მკურნალობის საკითხი შეთანხმებული იყო ქირურგ-ტრანსპლანტოლოგთან, თუმცა პაციენტის მშობლებმა არჩიეს მისი საზღვარგარეთ წაყვანა. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ არა იაშვილში ჩატარებული ოპერაცია, ღვიძლის გადანერგვის ჩატარება ვერ მოხერხდებოდა. ყველა ჩარევა, როგორც ოპერაციული, ისე პოსტოპერაციული, იაშვილის კლინიკაში ჩატარდა საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად, რამაც ბავშვის გადარჩენის შესაძლებლობა მოგვცა,” – ვკითხულობთ განცხადებაში.
რაც შეეხება ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობებს პაციენტის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, კლინიკაში ამბობენ, რომ მათ არ მიუღიათ რაიმე სახის ოფიციალური ინფორმაცია ან დოკუმენტაცია საფრანგეთის კლინიკიდან, შესაბამისად, ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.
რამდენიმე დღის წინ ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში მცირეწლოვნის ოჯახის წევრი საუბრობს იაშვილის კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ბავშვის ორგანიზმში ექიმების მიერ ჩატოვებული დოლბანდის შესახებ. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, მცირეწლოვნის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების გამო გამოძიება უკვე დაიწყო.
როგორც არასრულწლოვნის ოჯახის წევრი ამბობს, ოპერაციის ჩატარებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც ის საფრანგეთში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა ბავშვის მუცელში ჩატოვებული დოლბანდი აღმოაჩინეს.
ვრცლად ოჯახის ვერსიის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.