ეკა ბესელია აცხადებს, რომ თავშესაფრის მოწყობას თავისი წესები აქვს. მისივე განმარტებით, თუ თავშესაფრის მოწყობის ინიციატორი კანონს არ არღვევს, ის მხოლოდ მიესალმება ამ სიკეთეს:
“ზოგადად, არსებობს საერთაშორისო კონვენცია, არსებობს წესები, საერთაშორისო სტანდარტი არსებობს, არსებობს კანონმდებლობა, რომელიც აწესებს, როგორი წესით ხდება თავშესაფრის მოწყობა. ეს არ შეიძლება იყოს თვითშემოქმედება. ბავშვთა თავშესაფრები კიდევ უფრო სხვა სტანდარტის უნდა იყოს და აქ ძალიან მაღალი სტანდარტია დაწესებული, მაგრამ მოქალაქეთათვის, ვინც არის უმწეო, თუ ძალადობის მსხვერპლი და ა.შ. ამ ყველაფერს აქვს თავისი წესი. ეს არ არის ის თემა, რომელიც შეიძლება თვითინიციატივებით იყოს გადაწყვეტილი მხოლოდ.”
“ნეტგაზეთმა” ბესელიას განუმარტა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” ინიციატივა ეხება უსახლკაროთათვის დროებითი თავშესაფრის მიცემას და რომ ეს არ იქნება სპეციალური თავშესაფარი ბავშვებისთვის ან რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლთათვის, რაზეც ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გვიპასუხა:
„მე არ ვიცი, რისთვის არის, მე ვამბობ ზოგად წესებს, არ მივდივარ სიღრმეებში. მე არ მითქვამს, რომ ეს ცუდია, არ მითქვამს, რატომ აკეთებენ, ზოგად წესს და ზოგად ფორმულირებას ვაყალიბებ იმიტომ, რომ არ ვიცი არსი. კეთილი საქმის გაკეთება ცუდი არ არის, პირიქით, მივესალმები, მაგრამ ყველაფერი კოორდინირებული უნდა იყოს იმის გამო, რომ წესები არ დაირღვეს.
მე არ შევდივარ ღრმად ამ საკითხში, შემოვიფარგლე ძალიან ზოგადი ფორმულირებით, იმიტომ, რომ არ ვიცი საკითხი, მაშინ უნდა დაველაპარაკო ერთსაც და მეორესაც. კომენტარს ვაკეთებ გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე და ამაზე მეტის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემ, ვიდრე ეს არის ზოგადი შეფასება. თუ კანონს ადამიანი არ არღვევს, ყოველთვის მივესალმები სიკეთის გაკეთებას.“
კითხვაზე, როდესაც “იდენტობა” საქველმოქმედო საქმიანობისას კანონს არ არღვევს, როგორ შეაფასებს პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ შეეწინააღმდეგება ამ ორგანიზაციის მიერ თავშესაფრის მოწყობას, ბესელია პასუხობს:
„მე არ ვაფასებ საპატრიარქოს განცხადებებს“.
“იდენტობის” ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე ამბობს, რომ თავშესაფარი, შესაძლოა, მიმდინარე თვის ბოლომდე, ზამთრის ყინვების დაწყებამდე გაიხსნას. იმ მოქალაქეთა ბაზა, ვინც პირველ ეტაპზე (მინიმუმ 15 ადამიანი) თავშესაფარში მოხვდება, ცნობილი ჯერ არ არის. თავშესაფარში მოხვედრის გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფისთვის დახმარების თხოვნით საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას მიმართეს.
