სომხეთში ახალ პრემიერ-მინისტრს 2 მაისს აირჩევენ

სომხეთის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, რუსტამ მაჰმუდიანის განცხადებით, სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევნები 2 მაისს გაიმართება.

ამასთან, პარლამენტის დეპუტატის განცხადებით, არანაირი ახალი პროცედურა არ არის გათვალისწინებული, – საპარლამენტო ფრაქციები შვიდი დღის განმავლობაში პრემიერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურებს წარადგენენ.

სომხეთის მთავრობა 23 აპრილს გადადგა. ახალი მინისტრთა კაბინეტი კი პრემიერის არჩევიდან 15 დღის განმავლობაში უნდა დამტკიცდეს.

სერჟ სარგსიანი, რომელიც პრემიერის პოსტზე პარლამენტმა 17 აპრილს აირჩია, 23 აპრილს საპროტესტო აქციების გამო გადადგა.


სომხეთში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია:

  • დღეს, 23 აპრილს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა, მოქალაქეების 10-დღიანი აქციების შემდეგ თანამდებობა დატოვა.
  • პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს სომხეთის ამჟამინდელი ვიცეპრემიერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარენ კარაპეტიანი ასრულებს.
  • ათწლიანი საპრეზიდენტო მმართველობის შემდეგ სერჟ სარგსიანის უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში დარჩენის საფრთხე სომხეთში პირველად ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა.
  • რამდენიმე დღეში სარგსიანი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად უკვე ოფიციალურად დაასახელეს, რასაც ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი აქციებიც მოჰყვა.
  • 16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ.
  • 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.
  • სარგსიანის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ აქციაში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. გუშინ, 22 აპრილს მომიტინგეთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.
  • დღეს, 23 აპრილს აქციას სტუდენტების დიდი ნაწილი და ათეულობით ჯარისკაცი შეუერთდა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი