ახალი ამბები

ფოფხაძე რელიგიური შეურაცხყოფის დასჯის შესახებ ინიციატივას პრინციპის დონეზე მხარს უჭერს

24 აპრილი, 2018 • 1986
ფოფხაძე რელიგიური შეურაცხყოფის დასჯის შესახებ ინიციატივას პრინციპის დონეზე მხარს უჭერს

პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ რელიგიური შეურაცხოფის დასჯის შესახებ ინიციატივას პრინციპის დონეზე მხარს უჭერს, თუმცა, მისივე თქმით, განსასაზღვრია ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმები, რა უნდა ჩაითვალოს შეურაცხყოფად და რა- არა.

“მთავარი გამოწვევა არის სუბიექტური და ობიექტური შეფასების კრიტერიუმები. როცა გრძნობების შეურაცხყოფაზე ვსაუბრობთ, ავტომატურად ისმება შეკითხვა, ჩემთვის რა არის შეურაცხმყოფელი და რა არის შეურაცხყოფა ობიექტური სტანდარტით. პრინციპის დონეზე ამ ინიციატივას, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ, მაგრამ მომავალში ჩვენ კიდევ მოგვიწევს დამატებით კონსულტაციების გამართვა. რადგან თუ ჩვენ ამას კანონად ვაქცევთ, პრაქტიკაში საკმაოდ პრობლემური იქნება სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმების ზუსტი გათვლა.

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა პიროვნულად შეიძლება ჩემთვის სულ სხვა იყოს და იგივე თემის წარმომადგენელი სხვა მორწმუნისთვის – სხვა. რადგან ეს სუბიექტური შეფასების კრიტერიუმია. არის ობიექტური სტანდარტი- თუ სამლოცველოს აყენებს შეურაცხყოფას, ეს ყველასათვის შეურაცხმყოფელია. ეს შეიძლება ჩაითვალოს ობიექტურ სტანდარტად და ყველასათვის ერთნაირად შეურაცხყოფად”,- ამბობს ფოფხაძე.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია შეურაცხყოფის მიზანი, რაც შეიძლება იყოს უბრალოდ კონკრეტული პირის გრძნობების შეურაცხყოფა ან რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფით რელიგიური კონფლიქტის მიღწევა.

“ესეც საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელი მიზანია და ამ ქმედებას უფრო ამძიმებს. საუბარია იმაზე, რომ ვიღაცამ შეიძლება ლოცვის ადგილას ისეთი რაღაცა გააკეთოს, რაც მიზნად ისახავს მლოცველების პროვოცირებას ფიზიკურ შეტაკებაზე. ამ ნაწილში მოგვიწევს ფიქრი”,- განაცხადა ფოფხაძემ.

პარლამენტი განიხილავს ემზარ კვიციანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილებები. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ინიციატივის მიზეზი საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებული მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიების და წმინდანების შეურაცხყოფა გახდა.

კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ხდება დასჯადი ქმედება და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი