ახალი ამბები

ნანუაშვილი იმნაძის განცხადებას აბსურდულს, გამაოგნებელს და უტიფარს უწოდებს

11 ნოემბერი, 2013 • • 1279
ნანუაშვილი იმნაძის განცხადებას აბსურდულს, გამაოგნებელს და უტიფარს უწოდებს

“მათი გათავისუფლება გამოწვეული იყო რამდენიმე მიზეზით, მათ შორისაა სახალხო დამცველის პირდაპირი და ლეგიტიმური მითითებების შეუსრულებლობა. გათავისუფლებამდე ამ პირების მიმართ უკვე გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე, რაც მათ არ გაუსაჩივრებიათ, მათ ასევე არაერთხელ ჰქონდათ მიღებული ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება, რადგან ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველთან არაკოორდინირებულ მოქმედებას. იგივე “ლიბერალისთვის” მიცემული ინტერვიუ არ იყო შეთანხმებული, სახალხო დამცველი არ უნდა იგებდეს პრობლემის შესახებ მედიიდან”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

სახალხო დამცველი უარყოფს ბრალდებას, რომ არსებობდა საკითხები, რომელთა გასაჯაროებაც არ ხდებოდა:

 

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

“არც ერთი ინფორმაცია არ ყოფილა ბლოკირებული, მათ შორის არც #7 დაწესებულებასთან დაკავშირებით, ამის თაობაზე ჩვენ შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია გადავუგზავნეთ. ასევე, მე ვთხოვე ნათიას დამატებითი ინფორმაცია გამოეთხოვა, მაგრამ მას დამატებით არაფერი მოუწოდებია”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი. სახალხო დამცველის განცხადებით, მან ასევე არაერთი განცხადება გააკეთა გურჯაანის ინციდენტთან დაკავშირებითაც.

 

ნანუაშვილის თქმით, ნათია იმნაძე და ის პირებიც, ვინც მასთან ერთად სამსახური დატოვა, ცდილობენ საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენებით სამსახური დაიბრუნონ:

 

“მათ ჩართეს მთელი სანაცნობო წრე იმისათვის, რომ მე შევცვალო გადაწყვეტილება და დაბრუნდნენ თანამდებობაზე”, – განაცხადა ნანუაშვილმა.

 

მისივე თქმით, ნათია იმნაძემ არასათანადოდ იცოდა კანონი სახალხო დამცველის შესახებ და აცხადებდა, რომ სახალხო დამცველთან უნდა შეთანხმდეს მხოლოდ მოქმედების პრინციპები, ის არ ემორჩილებოდა შიდა დისციპლინას და მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველმა ყველაფერი გააკეთა და მათ დრო მისცა, მათი სამსახურიდან გათავისუფლება მაინც გარდაუვალი აღმოჩნდა. 

 

ნანუაშვილის განცხადებით, იმნაძის ადგილზე ღია კონკურსის შედეგად გამარჯვებული კანდიდატი თვის ბოლოს დაინიშნება, ამ დროისთვის კი პრევენციის და მოინტორინგის დეპარტამენტის მოადგილის თანამდებობას დანიელ მგელიაშვილი იკავებს. 

 

დღეს გამართულურ ბრიფინგზე ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას მომავალში აღარ აპირებს და გათავისუფლებულ პირებს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი