კომპანია „ბუგატოს“ ოფისი
კომპანია „ბუგატოს“ ოფისი

ნანული გორაძე აჭარისწყალზე, „ბუგატოს“ ოფისში 13 ივლისიდან აღარ მუშაობს. ბრძანებას გათავისუფლების შესახებ ხელს აწერს კომპანიის ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორი, ონურ ქურთი. გათავისუფლებიდან მოკლე ხანში ნანული გორაძემ სასამართლოს მიმართა, თუმცა სარჩელში აღნიშნული არ არის, რომ ის რელიგიური ნიშნით გაათავისუფლეს. დისკრიმინაციის შესახებ ნანული გორაძემ სამსახურის დაკარგვიდან ოთხი თვის შემდეგ განაცხადა, ახლა იგი ფიქრობს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი მონათვლა გახდა. ამის შესახებ  ვიდეოჩანაწერი, სადაც ნანული გორაძე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის ძმას, გურამ დუმბაძეს ესაუბრება სამსახურიდან რელიგიური ნიშნით გათავისუფლების შესახებ, ერთი კვირაა ვრცელდება „ფეისბუქზე“. 

 

 

„იმ პერიოდში არც ვაპირებდი მონათვლას. ვფიქრობდი, თურქები წავლენ, 50 წლის გავხდი და არ მოვნათლულვარ, 5 წელი ვერ მოვითმინე, ან სამი წელი?! გავა დრო და მერე მოვინათლები-მეთქი. მერე მითხრეს ილია მეორე მოდისო და მოვინათლე. …არავინ არაფერი იცოდა, ჯვარს ვმალავდი სამსახურში. რომ მოვინათლე, როგორც ჩანს, ინფორმაცია მაინც მივიდა..“ – უთხრა ნანული გორაძემ „ბათუმელებს“.

 

 

ნანული გორაძის სამსახურიდან რელიგიური ნიშნით გათავისუფლებას გამორიცხავენ კომპანია „ბუგატოში“. ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორი, ონურ ქურთი ამბობს, რომ კომპანია არასოდეს დაინტერესებულა რა რელიგიური აღმსარებლობის არიან კომპანიაში დასაქმებული ადამიანები.

 

 

„სამსახურიდან გაშვების დროს სარწმუნოებაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი. არასოდეს მიკითხავს ვინ რა რწმენისაა. რა მნიშვნელობა აქვს ვინ მუსლიმანია და ვინ  ქრისტიანი?! არ ვიცი სხვა კომპანიაში რა ხდება, მაგრამ აქ ასეთი შემთხვევა გამორიცხულია. ჩვენი გენერალური დირექტორის მეუღლე არის უკრაინელი, ორთოდოქსი. ჩემი საცოლეც ხორვატი ქრისტიანია. თუ მე მძულს ქრისტიანები, როგორ შეიძლება ქრისტიანი საცოლე მყავდეს?! ძალიან შეურაცხყოფილი ვარ“, – ამბობს ონურ ქურთი.

 

 

ონურ ქურთი და კომპანიის იურისტი, რენა ფერცელიძე ნანული გორაძის სამსახურიდან გათავისუფლებას იმით ხსნიან, რომ იგი დაკისრებულ მოვალეობას ვერ ართმევდა თავს, რის გამოც რამდენჯერმე მიიღო ზეპირი გაფრთხილება, შემდეგ წერილობითი საყვედური.

 

 

„ტერიტორია, სადაც ოფისი მდებარეობს, იჯარით აქვს კომპანიას აღებული ნანული გორაძის მაზლისაგან. ეს ქალბატონი მუშაობდა სამზარეულოში – მზა საკვების განაწილება ევალებოდა (კომპანიას აქვს ხელშეკრულება მზა საკვებზე). რამდენჯერმე გამოთქვა პერსონალმა ამ ქალბატონის მიმართ შენიშვნა, მის საქმიანობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ყველა ადამიანი, რომელიც მის პოზიციაზე იყო დასაქმებული, ნანულიში იწვევდა ეჭვს, ყველაში ხედავდა კონკურენტს, ჩემი სამსახურიდან გაშვება გინდათ და ამიტომ მოგყავთ სხვაო. ამის გამო რამდენჯერმე შეიქმნა თანამშრომლებს შორის კონფლიქტური სიტუაცია. რამდენიმე ზეპირი გაფრთხილება მიეცა, შემდეგ პირად საქმეში მიეცა გაფრთხილება და ბოლოს დათხოვნილი იქნა სამსახურიდან.

 

 

გათავისუფლებიდან უმოკლეს დროში ოფისში მოვიდნენ ქალბატონ ნანულის მეუღლე, მაზლი, მაზლის ცოლი და ერთი ბატონი, რომელიც თურქულ ენაზე საუბრობდა. ონურ თურქი სიტყვიერად შეურაცხყვეს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ რადგან მათგან გვაქვს მიწა იჯარით აღებული, ამიტომ ეს ქალი უნდა დაგვესაქმებინა, მიუხედავად იმისა, შეასრულებდა თუ არა მოვალეობას ჯეროვნად. იყო შეურაცხყოფა და ულტიმატუმი: თუ ორშაბათამდე არ აღადგენთ სამსახურში, გამოგიგზავნით ფინანსურ პოლიციას, არასამთავრობოებს, ტელევიზიებს… ჩვენ მაშინვე მივმართეთ ხელვაჩაურის პოლიციის განყოფილებას, ჩვენი პოზიცია იყო, რომ არავინ დასჯილიყო, უბრალოდ, მათთვის მიეცათ გაფრთხილება, რომ ეს აღარ განმეორებულიყო“, – ამბობს რენა ფერცელიძე, კომპანიის იურისტი.

 

 

ნანული გორაძე კი ფიქრობს, რომ ის დაკისრებულ მოვალეობას კარგად ართმევდა თავს. იგი იხსენებს, რომ სამზარეულოში, სადაც მუშაობდა, მის გათავისუფლებამდე თურქი ეროვნების ქალბატონი დაასაქმეს: „მე ვუთხარი ამ ქალს, მე კონტრაქტი მაქვს და შენ როგორ დაგასაქმებენ-მეთქი. რას ჰქვიაო – მითხრა, შენ გაგდებენ აქედანო და ჰესების უფროსის სახელი დაასახელა, მისი გამოგზავნილი ვარ, შენი საქმე წასულიაო. ამ პერიოდში უკვე დავმეგობრდით და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. თავიდან შეურაცხყოფასაც მაყენებდა“. 

 

 

ოფისში ამჟამად თურქი ეროვნების ქალბატონი არ მუშაობს. ნანული გორაძის ნაცვლად სამზარეულოში სამი თვეა ეკა გოგიტიძე დასაქმდა. იგი ამბობს, რომ ცხრა წელია მართლმადიდებელი ქრისტიანია და სამსახურში მიღებისას მისი რელიგიური მრწამსით არავინ დაინტერესებულა. 

 

 

კომპანიაში სხვა მართლმადიდებელი ქრისტიანებიც მუშაობენ. თანამშრომლები ამბობენ, რომ მათთვის ნანული გორაძის განცხადება შეურაცხმყოფელია.

 

 

„შოკირებული ვარ, ეს თემა ნამდვილად მოულოდნელი იყო, ეკრანიდან გავიგეთ.  მე ვარ ქრისტიანი, ჩემი რელიგია მეუბნება _ არ მოიტყუოო. რატომ უნდა დავიცვა ქალი, რომელიც ტყუის. მე მოძღვარი მყავს, რომელიც ყოველთვის მეუბნება, რომ მთავარია, ვთქვა სიმართლე, რა მნიშვნელობა აქვს თურქია ვინმე, ესპანელი, ფილიპინელი თუ ინდუსი. მე იმას დავიცავ, ვინც სიმართლეს ამბობს და ამ შემთხვევაში მე ვგრძნობ თავს შეურაცხოფილად, რადგან არავის უკითხავს ჩემთვის რა რწმენის ვარ“, –  ამბობს შორენა მახარაძე, „ბუგატოს“ ბუღალტერი.

 

 

კომპანიაში „ბათუმელებს“ აჩვენეს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ დასაქმებულთა უმრავლესობა ქართველია. „რამდენი ქრისტიანი და რამდენი მუსლიმანი, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან არ დავინტერესებულვარ ამით“,  –  ამბობს რენა ფერცელიძე. „აქ, ოფისში, ვიცი, რომ რამდენიმე ქრისტიანი ვართ. საინტერესო რა არის იცით, რატომ მაინცადამაინც ეს ქალბატონი იდევნება, თუ ორგანიზაციის პოლიტიკა იყო ქრისტიანების დევნა, წელიწადზე მეტია ეს ორგანიზაცია არსებობს  და არავის უთქვამს მსგავსი რამ, ეს შეურაცხმყოფელი არ არის?! რა გამოდის, დანარჩენი ქრისტიანები ხმას არ ვიღებთ, ვეგუებით და ვითმენთ ამ ყველაფერს?!“

 

 

ორგანიზაციაში სხვა ქრისტიანებიც რომ მუშაობენ და არ იდევნებიან, ამას თავად ნანული გორაძეც ადასტურებს. მან და დედამისმა, ნუნუ გორგაძემ „ბათუმელებს“ ერთ შემთხვევაზე უამბეს, რომელიც რამდენიმე თვის წინ მათთან სახლში მოხდა.

 

 

„აქ დადიოდნენ [კომპანიის თანამშრომლები], ჭამდნენ, სვამდნენ… აქ რომ ხატები იყო, იმ წუთას კი არაფერი უთქვამთ, მაგრამ რომ გავაცილე ეზოში, ვინაა გაქრისტიანებული თქვენთანო –  მკითხა თემურ უსტიაძემ [კომპანიის კოორდინატორი]. მე ვუთხარი, რომ გოგოები, სტუდენტები მყავს ორთავე. როგორც გააქრისტიანე, ისე გაამუსლიმანეო – მითხრა. მეგონა ხუმრობდა“, – ამბობს ნუნუ გორაძე, ნანული გორაძის დედა.

 

 

ნანული გორაძე კი ცალკეულ შემთხვევებს იხსენებს, როდესაც კომპანიის ეროვნებით ქართველ, მუსულმან თანამშრომელთან ამ თემაზე საუბრისას მას ურჩიეს არ მონათლულიყო. „არ გაქრისტიანდეო –  ეს შეიძლება არ უთქვამთ, მაგრამ რამე ნაბიჯს თუ გადადგამთ, პრობლემები შეგექმნებაო“, –  ნანული გორაძე არ ასახელებს იმ ადამიანს, ვინც ეს უთხრა. „ძალიან კარგი, კეთილი ბიჭია, ვერ ვიტყვი.“ კითხვაზე, შეეძლო თუ არა ამ პირს მისი გათავისუფლება სამსახურიდან, ნანული გორაძე პასუხობს, რომ – არა. იგი ასევე ადასტურებს, რომ რელიგიაზე საუბარი არც კომპანიის ხელმძღვანელთან, ონურ ქურთთან ჰქონია.

 

 

ნანული გორაძე ამბობს, რომ მისი აზრით, თემურ უსტიაძემ, რომელიც ადრე მათი ოჯახის მეგობარი იყო, მიიტანა ხმა მისი გაქრისტიანების შესახებ უფროსთან, ონურ ქურთთან, რომელმაც იგი სამსახურიდან გაათავისუფლა. 

 

 

„ვფიქრობ დღემდე… თემურის პირად ინტერესებზე მაქვს მე ეჭვი, ამ ქალის გამო [თურქი ეროვნების ქალბატონი] უნდოდა, რელიგიის გამო უნდოდა… მე უფრო რელიგიის გამო ვფიქრობ… რადგან გაფრთხილებული ვიყავი და არ დავემორჩილე, ალბათ ამით დამსაჯა. დანარჩენი ქრისტიანები არ აინტერესებთ. მე რომ გავქრისტიანდი, იმიტომ მოხდა ეს. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ მითხრეს და მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი“, –  ამბობს ნანული გორაძე.

 

 

კითხვაზე, უთქვამს თუ არა მისთვის თემურ უსტიაძეს, რომ რელიგიური მრწამსის გამო ათავისუფლებდა სამსახურიდან, ნანული გორაძე პასუხობს: „წინასწარ ხომ მითხრა, პრობლემები შეგექმნებაო? აბა, რატომ გავიპარე ჩუმად მოსანათლად?!“

 

 

ნანული გორაძის რელიგიური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ხიჭაურის უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც ეპისკოპოსმა სპირიდონმა ეს შემთხვევა დაგმო. „თურქის რა საქმეა ჩვენ მოვინათლებით თუ არა, მოინათლა და გამოუგდიათ სამსახურიდან, ეს ძალიან ცუდი ფაქტია, ამას არ უნდა ბედავდეს და არ უნდა კადრულობდეს საქართველოში შემოსული ადამიანი“, –  განაცხადა ეპისკოპოსმა, რომელიც ხიჭაურის უნივერსიტეტის რექტორია.

 

 

ხიჭაურის უნივერსიტეტში სწავლობს ნანული გორაძის ქალიშვილი. „ჩემთან იყვნენ ჩემი შვილის მეგობრები ხიჭაურიდან. მკითხეს, რატომ გაგათავისუფლეს ნანა ბიცოლაო? რა ვიცი, ვერ ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას, ასე მითხრეს და ეს იყო მიზეზი- მეთქი. რატო, აქამდისაც ხომ ვაკეთებდი ჩემს საქმეს და რაღა მონათვლის პერიოდს დაემთხვა ეს, დამთხვევა თუ ჰქვია… მე ვთქვი, რომ მთავარი შეცდომა ის იყო, რომ მე ეს ნაბიჯი გადავდგი და მოვინათლე და მე ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაცია მისვლიათ და ამით დამსაჯეს-მეთქი. მერე დამიბარეს იქ [ხიჭაურში] და მკითხეს როგორ იყოო“.

 

 

„ჩვენ გამო ორჯერ გაავსეს იმხელა დარბაზი. ინფორმაცია მიიღო ილია მეორემ, კალაძემ, ჩოხოსნები იყვნენ… ბევრი ვინმე იყო იქ“, – ამბობს ნუნუ გორაძე, ქალბატონი ნანულის დედა.

 

 

კითხვაზე, მოისმინა თუ არა ეპისკოპოსის განცხადება, ონურ ქურთი ამბობს, რომ არა, რადგან ქართული არ იცის. „მაგრამ ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ რელიგიური ნიშნით არ შეიძლება ადამიანის დისკრიმინაცია. თუ სადმე უშვებენ რელიგიური ნიშნით სამსახურიდან, ეს არის დისკრიმინაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა და ეს მიუღებელია“, – ამბობს ონურ ქურთი.

 

 

 

ნანული გორაძე ამბობს, რომ სამსახურში დაბრუნება სურს. მის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილი იცავს, რომელიც ამბობს, რომ თავის დროზე რელიგიური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფს არაფერი უთქვამს. 

 

 

„ბუგატოს“ ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორი, ონურ ქურთი ამბობს, რომ ამ საჩივრის არსი მისთვის გასაგებია, განსხვავებით განცხადებისგან რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე. კითხვაზე, მისი აზრით, რა გახდა ყოფილი თანამშრომლის ასეთი განცხადების მიზეზი, ონურ ქურთი პასუხობს: „ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით ის ფიქრობს, რომ უსამართლოდ მოვექეცით, რომ კარგი მუშაკი იყო და ყველაფერს კარგად აკეთებდა – ეს მისი თვალსაზრისია. ჩემი აზრით კი, ის არ ასრულებდა თავის საქმეს კარგად. ყველას ყოველთვის ეკამათებოდა, ამბობდა, ჩემი გაშვება გინდათ და ვიღაც თურქი ქალის მოყვანაო, სხვა თანამშრომლებსაც ხმამაღლა ელაპარაკებოდა. ჩვენ სხვა ადგილას გადასვლა შევთავაზეთ, რადგან ვიცოდით, რომ სამედიცინო განათლება ჰქონდა, ექთანი იყო. სამშენებლო ობიექტზე სამედიცინო ოთახი გავხსენით და იქ შევთავაზეთ ექთნად გადასვლა. იქ კომფორტულად არ ვიგრძნობ თავსო -თქვა“.

 

 

ექთნად გადაყვანა და 50 ლარით მეტი ხელფასი რომ შესთავაზეს, ამას ნანული გორაძეც ადასტურებს. იგი ძირითადად, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად კოორდინატორის, თემურ უსტიაძის პირად განწყობებს ასახელებს. თემურ უსტიაძესთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ მისი ქორწინების დღეს შეძლო.  უსტიაძე მისი მხრიდან გამორიცხავს ნებისმიერ ზეწოლას ნანული გორაძეზე. იგი ამბობს, რომ ყოფილ თანამშრომელს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს. 

 

 

სასამართლოში კი ამ დროისთვის ერთი საჩივარია შესული. საჩივრის ავტორი ნანული გორაძეა – ის „ბუგატოში“ დაბრუნებას ითხოვს.

 

 

საჩივრის შეტანას კომპანიის პატივისა და ღირსების შელახვისთვის „ბუგატოც“ გეგმავს იმ შემთხვევაში, თუკი ნანული გორაძე მედიასაშუალებებით არ უარყოფს ინფორმაციას, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია გახდა. 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *