ახალი ამბები

გამოხმაურება ცილისწამებაზე – რელიგიური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნის შესახებ

9 ნოემბერი, 2013 •
გამოხმაურება ცილისწამებაზე – რელიგიური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნის შესახებ

გამოვთქვამთ შეშფოთებას ჩვენი ყოფილი თანამშრომლის, ნანული გორაძისა და მისი ოჯახის მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებული, ცილისმწამებლური, სინამდვილესთან აბსოლუტურად შეუსაბამო განცხადებების გამო. საქმე ეხება ცოტა ხნის წინ ნანული გორაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ის თითქოსდა მართლმადიდებლად მონათვლის შემდეგ, ანუ რელიგიური ნიშნით დავითხოვეთ სამსახურიდან.

 

ჩვენი კომპანია, სააქციო საზოგადოება ,,ბუგატო ინშაათ მადენჯილიქ სანაი ვე თიჯარეთის’’ საქართველოს ფილიალი, რომელიც აჭარისწყალზე აშენებს ჰიდროელექტროსადგურს,  დაფუძნდა 2012 წელს. დღეისათვის ამ კომპანიაში დასაქმებულია საქართველოს 98 და  თურქეთის 48 მოქალაქე. კომპანიის პოლიტიკა ეფუძნება დემოკრატიულ პრინციპებს, აღიარებს და იცავს ადამიანის ძირითად უფლებებს. გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაცია დღემდე არასოდეს დაინტერესებულა დასაქმებულთა რელიგიური კუთვნილებით, შესაბამისად, ჩვენთვის სრულიად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ნანული გორაძისა და მისი ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და  ცილისმწამებლური კამპანია.

 

ნანული გორაძე ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად, არ იჩენდა შესაბამის ძალისხმევას ხელმძღვანელობისა და პერსონალის მიერ გამოთქმული სამართლიანი პრეტენზიების აღმოსაფხვრელად; ასევე იყო  შემთხვევები, როცა ის შევიდა კონფლიქტში თანამშრომლებთან. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო ჩვენ მას შევთავაზეთ სხვა თანამდებობაზე გადასვლა თავისი პროფესიით, ამავე კომპანიის სხვა ობიექტზე, მაგრამ მან ეს წინადადება არ მიიღო, რის შემდეგაც ნანული გორაძე განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან შრომითი კანონმდებლობის სრული დაცვით.

 

აქვე იმასაც დავძენთ, რომ კომპანიის მხრიდან თანამშრომლის დათხოვნის მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი მაგალითები თუ გვაქვს.

 

დათხოვნიდან უმოკლეს დროში, ნანული გორაძის ნათესავების მხრიდან ადგილი ჰქონდა  შეურაცხყოფას, მუქარას… მათ კომპანიას წაუყენეს ულტიმატუმი ნანული გორაძის სამსახურში აღდგენის მოთხოვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვემუქრნენ, რომ მიმართავდნენ ყველა ზომას ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ.

 

აღნიშნული შემთხვევის შესახებ იმ დღესვე მივმართეთ განცხადებით ხელვაჩაურის პოლიციის რაიონულ სამმართველოს. 

 

ნანული გორაძემ სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სასარჩელო განცხადებაში არაფერია ნათქვამი რელიგიური მიზეზით სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე. ნანული გორაძეს მსგავსი რამ არც სასამართლო სხდომაზე უთქვამს, გაკვრითაც კი. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რატომ სდევნიდა კომპანია მხოლოდ ნანული გორაძეს და  მის ოჯახს, როცა  ქრისტიანული აღმსარებლობის მქონე  სხვა ადამიანები კომპანიის  დაარსების დღიდან მუშაობდნენ და მუშაობენ დღემდე.

 

სამსახურიდან გათავისუფლებისა და სასამართლოში სარჩელის შეტანიდან რამდენიმე თვის შემდეგ მედიასაშუალებებით ნანული გორაძის მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაცია რელიგიური ნიშნით მისი დევნა-შევიწროვების შესახებ არის ქართველი და თურქი საზოგადოების შეურაცხყოფა.

 

თურქეთ-საქართველოს შორის გაღრმავებული მეგობრული ურთიერთობის ფონზე რელიგიური თემის ხელოვნურად წინ წამოწევა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეცდომაში შეყვანა არის ლაქა სამომავლო ურთიერთობებისთვის.

 

ჩვენ უკვე გავუგზავნეთ შეტყობინება ქალბატონ ნანული გორაძესა და მის ოჯახს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი კვირის ვადაში იმავე საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით უარყონ მის მიერ გავრცელებული პატივისა და ღირსების შემლახველი ცრუ ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ სასამართლოს და მათ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფასთან ერთად მოვითხოვთ მორალური ზიანის ანაზღაურებასაც. მასზე დაკისრებულ თანხას კი ქველმოქმედებაზე მივმართავთ.

 

ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც აქვს ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღების სურვილი, შეუძლია მოგვმართოს _ მათ ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით.

 

ეს მომართვა არ გახლავთ საპასუხო განცხადება ნანული გორაძისა და მისი ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. ეს განცხადება გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ  საზოგადოების მიმართ პატივისცემის დასტურად.

 

გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი ძალიან სენსიტიურია, მედიასაშუალებებს გთხოვთ, საქმეზე საბოლოო ჭეშმარიტების დადგენამდე თავი შეიკავოთ დაუზუსტებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

 

პატივისცემით,

 

ს.ს. ,,ბუგატო მადენჯილიქ სანაი ვე თიჯარეთის საქართველოს ფილიალი’’ ხელმძღვანელობა

მისამართი: ხელვაჩაური, აჭარისწყალი

ტელ.: 577-650-605

მასალების გადაბეჭდვის წესი