ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხელედულაზე, 50-მეგავატიანი ჰესის მშენებლობას რამდენიმე სოფლის მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს. ადგილობრივების განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურ “ხელედულა-3-ის” აშენების შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრება როგორც მიმდებარე დასახლებებს, ისე გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
ჰესის მშენებლობის დეტალების განსახილველად ადგილობრივებს, მშენებელი კომპანია “ხელედულა ენერჯის” წარმომადგემლებთან ერთად, გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეები შეხვდნენ. შეხვედრა 19 აპრილს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ჰესის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ქვეყნის ენერგეტიკული განვითარებისათვის მის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
“ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჰიდროგენერაციის ობიექტების მშენებლობა პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებასთან, ხოლო ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა შეუძლებელია ენერგეტიკის განვითარების გარეშე. თითოეულ ჰესს თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე. ყოველი ახალი ჰესი ნიშნავს მეტ ელექტროენერგიას ჩვენი მოსახლეობისათვის, მეტ ინვესტიციას და მეტ დასაქმებულ მოქალაქეს“, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
“ხელედულა 3-ის” პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის პრეტენზიები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმაც მოისმინა. როგორც მან “ნეტგაზეთს” განუცხადა, სამინისტრო ადგილობრივებთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
“სამინისტრომ გამოხატა მზაობა, შეიქმნას ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი. სამინისტროს დარგობრივი სპეციალისტები საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერებენ პროექტის განხორციელების არეალს და ჯგუფის წარმომადგენლებს მიაწვდიან ინფორმაციას მათთვის საინტერესო გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
19 აპრილს მუნიციპალიტეტის შენობაში გამართულ შეხვედრას ლენტეხის მცხოვრები რაჯი ლიპარტელიანიც ესწრებოდა. ამბობს, რომ მას, ისევე როგორც არაერთ ადგილობრივს, სახელმწიფოსა და მშენებელი კომპანიის არგუმენტების არ სჯერა. მისი თქმით, სამუშაოებზე მსჯელობას მხოლოდ მას შემდეგ დათანმდებიან, როცა პროექტის რისკები დეტალურად იქნება შესწავლილი.
“გვეკითხებოდნენ, რატომ ხართ წინააღმდეგი, ქვეყანა განვითარდება, ბიუჯეტი გაიზრდება და უკეთესი პირობები გვექნებაო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი საფრთხეს გვიქმნის, ცალკე გვირაბი, ცალკე მთა, რომელიც უნდა გაიხვრიტოს, ცალკე მდინარე… კვლავ ვამბობთ, რომ კომპანიას ხეობაში არ შემოვუშვებთ. ვითხოვთ, შეჩერდეს სამუშაოები, შემოვიყვანოთ გეოლოგები და ერთად შევისწავლოთ, აყენებს თუ არა აქაურობას ეს ჰესი ზიანს. მხოლოდ ამის შემდეგ ვიმსჯელებთ მის აშენება-არაშენებაზე”, – განუცხადა რაჯი ლიპარტელიანმა “ნეტგაზეთს”.
მისივე თქმით, საინიციატივო ჯგუფის შექმნაზე თანახმაა, თუმცა, მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტებთან ერთად, კომპანიის თანამშრომელთა ჩართულობის გარეშე.
21 აპრილს ჭუბერში დაგეგმილ საერთო აქციას ჰესების წინააღმდეგ ლენტეხის ის მოსახლეობაც შეუერთდება, რომლებიც “ხელედულა 3-სა” და სხვა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას მხარს არ უჭერს.
“ხელედულა-3” 50-მეგავატიანი ჰესია, რომლის პროექტი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხელედულაზე ხორციელდება.
ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მისი წლიური გამომუშავება 250 მლნ. კვტ/სთ იქნება, საინვესტიციო ღირებულება კი 80 მლნ. ლარს შეადგენს. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას ეკისრება ვალდებულება, გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ენერგოდეფიციტის პერიოდში ადგილობრივ ბაზარს მიაწოდოს. უწყების ცნობით, მშენებლობის სხვადასხვა ეტაპებზე იქ 400–მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა შორის უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.
პროექტს შპს “ხელედულა ენერჯი” ახორციელებს. ჰესის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი კომპანია “გამა კონსალტინგმა” მოამზადა. სვანეთში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგენი აღნიშნულ კომპანიას უნდობლობას აქამდეც უცხადებდნენ. მათი თქმით, სწორედ ამ კომპანიამ მოამზადა “ლარსი ჰესის” გზშ, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ადგილზე ღვარცოფული პროცესების განვითარების შესაძლებლობა დაბალი იყო. თუმცა 2014 წელს ადგილზე მომხდარმა ღვარცოფმა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ინფრასტრუქტურა კი გაანადგურა.
საქართველოში ათეულობით ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი. ინფრომაცია მათი ადგილმდებარეობისა და განხორციელების შესახებ, შეგიძლიათ ნახოთ ნეტგაზეთის ინტერაქტიულ რუკაზე.