ახალი ამბები

CDI: ონლაინ მედიის მთავარ გამოწვევად საკითხებისადმი ზედაპირული მიდგომა რჩება

8 ნოემბერი, 2013 •
CDI: ონლაინ მედიის მთავარ გამოწვევად საკითხებისადმი ზედაპირული მიდგომა რჩება

მონიტორინგი შეეხო 12 ყველაზე რეიტინგულ ქართულ ვებ–გვერდს, ესენია: netgazeti.ge, droni.ge, politico.ge (18 სექტემბრამდე), liberali.ge, news.ge, presa.ge, civil.ge, tabula.ge, garbonline.tv, for.ge, dfwach.net, palitratv.ge, pirveliradio.ge (18 სექტემბრიდან).

 

მონიტორინგის თანახმად, ზოგიერთ ვებ–გვერდზე ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები სისტემურად ირღვევა, ასეთი გვერდებია presa.ge, droni.ge და for.ge, თუმცა ვებ–გვერდების უმეტესობა მეტნაკლებად დაბალანსებულად და მიუკერძოებლად აშუქებდა საპრეზიდენტო კანდიდატთა საქმიანობას.

 

მონიტორინგის თანახმად, netgazeti.ge საკმაოდ მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მაღალ დონეზეა დაცული ჟურნალისტური ეთიკის ნორმები, ვებ–გვერდი გამოირჩევა საკითხების სიღრმისეული გაშუქებით და საკთხებისადმი კრიტიკული მიდგომით. 

 

საკითხებისადმი კრიტიკული მიდგომა და თემატური მრავალფეროვნება დაფიქსირდა tabula.ge–ს შემთხვევაშიც:

 

“თუმცა ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად tabula.ge–ზე შეიმჩნევა შედარებით ნაკლებად კრიტიკული განწყობა “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ და მეორე მხრივ, საკმაოდ კრიტიკული განწყობა მთავრობისა და პრემიერ–მინისტრის მიმართ”, – ნათქვამია ანგარიშში. 

 

ჟურნალისტური ეთიკისა და სტანდარტების დაცვით აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს liberali.ge. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის პერიოდში ვებ–გვერდზე იკლო საპრეზიდენტო კანდიდატების გაშუქების სიხშირემ. ყველაზე ინტენსიურად შუქდებოდა გიორგი მარგველაშვილი (4%) და ნინო ბურჯანაძე (3%). 

 

palitratv.ge–ზე,  ანგარიშის თანახმად, საერთოდ არ გვხვდება ორიგინალური, რედაქციის მიერ შექმნილი სიუჟეტები. ვებ–გვერდი მეტნაკლებად იცავს ეთიკის ნორმებს, თუმცა გვხვდება ვიდეომასალა, რომელშიც არაეთიკური ლექსიკა შეუზღუდავად არის დაშვებული. 

 

ნეტნაკლებად მიუკერძოებლად დასახელდა news.ge-ც, თუმცა მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ვებ–გვერდზე ინფორმაცია ძირითადად ერთ წყაროზე დაყრდნობით ქვეყნდება. 

 

pirveliradio.ge–ს შემთხვევაში ნაკლებია წყაროთა მრავალფეროვნება და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების სიღრმისეული ანალიზი. 

 

droni.ge და presa.ge–ზე ანგარიშის თანახმად ცხადად შეიმჩნევა კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის დისკრედიტაციის მცდელობა. 

 

ანალიტიკური სტატიების რაოდენობამ იმატა ვებ–გვერდებზე- civil.ge და dfwach.net. ორივე მედიასაშუალება საკმაოდ მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ასევე მიუკერძოებლად აშუქებს მოვლენებს garbonline.tv-ც. მონიტორინგის თანახმად, ვებ–გვერდზე დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები, თუმცა შეიმჩნევა მასალათა სიმცირე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი