რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ სახელმწიფო სტრასბურგის სასამართლოში ტელეკომპანიის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოხსნას მოითხოვს და აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრების უფლება ირღვევა.
2017 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქეყნების მეორე დღეს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საჩივრის საფუძველზე გამოიყენა დროებითი ღონისძიება და ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.
თამთა მურადაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ სახელმწიფომ ვრცელი დოკუმენტები გაგზავნა სტრასბურგში, საიდანაც ერთი ეხება სასამართლოს შეკითხვებზე პასუხს, ხოლო მეორე – საქართველოს მოთხოვნებს.
“არის მოთხოვნა, რომ დაუყოვნებლივ იყოს მოხსნილ დროებითი ღონისძიება და არგუმენტაცია, თუ რატომ ითხოვს მთავრობა ამას. საუბარია იმაზე, რომ კანონიერი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის საკუთრების უფლებები იზღუდება, რომ მედიას და დემოკრატიას საქართველოში საფრთხე არ ემუქრება, რომ თუ მოიხსნება დროებითი ღონისძიება, რუსთავი 2-ის სიტყვისა და გამოხატვის თავსუფლება არ შეიზღუდება და არაფერი არ გვემუქრება, რომ ეს დროებითი ღონისძება ძალიან ლახავს საქართველოს სასამართლო სისტემის იმიჯს, რომ ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და განსხვავებულია პრაქტიკისგან და რატომ იქნა გამოყენებული,”- განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
მისივე გაცხადებით, იმის საილუსტრაციოდ, რომ რუსთავი 2 არ არის სანდო ტელეკომპანია, იუსტიციის სამინისტრომ აკაკი გოგიჩაიშვილისა და პარტია “ევროპული საქართველოს” განცხადებები გამოიყენა:
“საუბარია იმაზე, რომ მართალია, რუსთავი 2 პოპულარული ტელევიზიაა, მაგრამ ის არ არის სანდო, ხშირად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და ამისთვის საკმარისია მოვიყვანოთ ბოლოდროინდელი ფაქტებიო და ციტირებული იყო ამონარიდები ტაბულას ინგლისურენოვანი სტატიიდან, სადაც “ევროპული საქართველო” რუსთავი 2-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, და აკაკი გოგიჩაიშვილის ფეიბუკის პოსტის “სქრინშოტები” არის ჩადებული საქმეში, სადაც აკაკი გოგიჩაიშვილი საუბრობს შიდა თემებზე, მათ შორის, თითქოს ის არ იყო დამოუკიდებელი და ნიკა გვარამია ზეწოლას ახორციელებდა,”- ამბობს თამთა მურადაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.
“ევროპულმა საქართველოს” განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ეს არგუმენტი აჩვენებს, რომ ხელისუფლებას, სინამდვილეში, პრობლემა აქვს რუსთავი ორის სარედაქციო პოლიტიკასთან და სწორედ ამით ცდილობენ მესაკუთრის ცვლილების გამართლებას.
აკაკი გოგიჩაიშვილი კი ამბობს, რომ სახელმწიფოს საქმეა, წარადგენს თუ არა მის განცხადებას სტრასბურგში.
აკაკი გოგიჩაიშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ სტრასბურგში გაგზავნილ დოკუმენტზე
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
თამთა მურადაშვილის თქმოთ, მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტროს მიერ გაგზავნილი ეს დოკუმენტაცია მიიღეს, შემდეგი ეტაპია, რომ მთავრობის მიერ გაგზავნილ პასუხებთან დაკავშირებით სტრასბურგში თავიანთი მოსაზრებები წარადგინონ. ამის შემდეგ, მთავრობას დამატებით მიეცემა შეპასუხების უფლება. საქმეში მესამე პირად ჩართულ მხარეებმა, საია-მ და ომბუდსმენმაც უნდა წარადგინონ თავიანთი მოსაზრებები და ამასთან დაკავშირებითაც მიეცემათ რუსთავი 2-სა და მთავრიბას თავიანთი აზრის გამოხატვის საშუალება. ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც სასამართლო ყველა მოსაზრებას მიიღებს, სტრასბურგის სასამართლო არსებით განხილვას დაიწყებს.