ახალი ამბები

აკაკი გოგიჩაიშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ სტრასბურგში გაგზავნილ დოკუმენტზე

20 აპრილი, 2018 • 4474
აკაკი გოგიჩაიშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ სტრასბურგში გაგზავნილ დოკუმენტზე

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი ყოფილი სახე, ამჟამად ტელეკომპანია “იბერიის” გადაცემა “ბიზნესკოდის” წამყვანის აკაკი გოგიჩაიშვილის სტატუსი, სადაც იგი ნიკა გვარამიას მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაზე საუბრობს, მთავრობამ სტრასბურგში რუსთავი 2-ის საქმეზე საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად წარადგინა.

აკაკი გოგიჩაიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ სახელმწიფოს საქმეა, წარადგენს თუ არა მის განცხადებას სტრასბურგში.

“მისი საქმეა, თუ მის პოზიცის ამყარებს და გადაწყვიტა, რომ ჩადოს, ალბათ სწორად მოქცეულა. სხვაც კიდევ ბევრია რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ კრიტიკა და ალბათ იმასაც დაურთავდა. მე რაც ვთქვი, იმას ვიმეორებ და კიდევ ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო იმის სამტკიცებელი, რაზეც ვილაპარაკე, და, რა თქმა უნდა, ისევ იმ პოზიციაზე ვარ, თუ კითხვა ამ კუთხით არის,” – უთხრა ნეტგაზეთს გოგიჩაიშვილმა.

ჩვენ მას ასევე ვთხოვეთ ეთქვა, თუ რა პოზიცია აქვს მისი განცხადების რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გამოყენებასთან დაკავშირებით, რაზეც გვიპასუხა:

“რუსთავი 2-ის წინააღმდეგ რატომ გამოიყენა? რუსთავი 2 ვარ მე და ყველა ის ადამიანი,  ვინც იქ მუშაობს. თუ გვარამიას წინააღმდეგ აღმოჩნდა ეს მიმართული, ან ვინც მის უკან დგას, არ მაინტერესებს, ძალიანაც კარგი”.

რუსთავი 2-ის ცნობით, სტრასბურგში წარდგენილ დოკუმენტებში ხელისუფლება ამბობს, რომ სასამართლოზე ზეწოლას სწორედ “რუსთავი 2” ახდენს, არგუმენტად კი “ევროპული საქართველოს” განცხადება მოჰყავს, სადაც პარტია ტელეკომპანიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა. მათივე ცნობით,  მთავრობა ასევე ეყრდნობა “რუსთავი 2-“ის ყოფილი ტელეწამყვანის, აკაკი გოგიჩაიშვილის განცხადებას, რომ ნიკა გვარამიას დირექტორობის პერიოდში დამოუკიდებელი არ ყოფილა. ინფორმაციას გამოეხმაურა “ევროპული საქართველოც”.

“ევროპული საქართველო კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს, რომ ხელისუფლების საქმე არ არის, თუ როგორი იქნება მისგან დამოუკიდებელი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა. ეს გახლავთ მთავარი სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სტრასბურგში მიმდინარე დავა სწორედ რუსთავი ორის გამარჯვებით დასრულდება.

თუმცა,ტელევიზიის გენერალური დირექტორის განცხადებები და მორიგ ჯერზე, პროდასავლურ ოპოზიციასთან ბრძოლაში სრულიად უადგილო ჩართვა ნამდვილად აზიანებს ტელევიზიას, რაც სწორედ ხელისუფლების ინტერესია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი