ახალი ამბებისაზოგადოება

პატიმარი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა [ფოტო]

20 აპრილი, 2018 •
პატიმარი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა [ფოტო]

“ადამიანის უფლებათა ცენტრში” ქალ მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი თიხის ნაკეთობების გმაოფენა-გაყიდვა გაიმართა. თიხის ნაკეთობები იმ პატიმრებმა შექმნეს, რომლებიც სასჯელს მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან.

არტ-თერაპიის 4-თვიანი პროექტი პენიტენციურ დაწესებულებაში, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ორგანიზებითა და ბულგარეთის განვითარების ფონდის ფინანსური დახმარებით, 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა:

“ეს პროექტი იყო ოთხთვინი და ითვალისწინებდა მსჯავრდებული ქალების მიერ კერამიკული ნამუშვრების მომზადებას. პროექტში ასევე ჩართული იყო ფსიქოლოგი, რომელიც თერაპიას უწევდა მათ. ამ პროექტის ფარგლებში შევიძინეთ თიხის გამოსაწვავი ღუმელი და თიხის ამოსაყვანი დგინიც. ასევე მასალებიც, რომლის საშულაებითაც ამ ნამუშევრებს ამზადებდნენ. პროექტის დასრულების შემდეგ კი გადავეცით როგორც გმოსაწვავი ღუმელი და დგინი, ასევე, თიხა და საღებავები, რომელიც საშუალებას მისცემს პენიტენციურ დაწესებულებას გააგრძელონ მსგავსი პროექტები” – ამბობს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელი ნინო ტლაშაძე.

მისი თქმით, პროექტში 20 მსჯავრდებული ქალი იყო ჩართული, თუმცა მსურველი გაცილებით მეტი იყო. პროგრამაში მონაწილე მსჯავრდებულების შერჩევისას გათვალისწინებული იყო მათი ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობა, მათი ქცევა დაწესებულებაში და პატიმრების დაინტერესება:

“თავიდან ცოტა სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები. არ ეგონათ, ასე მოკლე ვადაში თუ შესაძლებელი იყო, მსგავსი რამ შეესწავლათ. როცა დაინახეს, რომ შესაძლებელი იყო, ამ მოკლე დროში ამ ხელოვნებას დაუფლებოდნენ, სურვილი დიდი იყო. საბედნიეროდ, ამის საშუალება ახლა ექნებათ. ციხის ადმინისტრაცია დაგვპირდა, რომ გააგრძელებს იმ მსჯავრდებულების ჩართვას, რომლებიც ჩვენს პროგრამაში ვერ მოხვდნენ” – ამბობს ნინო ტლაშაძე.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმოამდგენლის თქმით, პროექტში მონაწილე მსჯავრდებულების უმეტესობამ ნამუშევრების გაყიდვაზე უარი თქვა და მათი გაჩუქება გადაწყვიტა. მათ კი, ვინც ნამუშევრების გაყიდვა სურდათ, ორგანიზაცია შემოსულ თანხას პირად ანგარიშზე დაურიცხავს.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” თქმით, ორგანიზაციაში გეგმავენ, მსგავსი პროექტები სხვა პენიტენციურ დაწესებულებებშიც გააგრძელონ.

მსჯავრდებული ქალების ნამუშევრების ნახვა და შეძენა “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ოფისში დღის ბოლომდეა შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი