თბილისში 3 აგვისტოს დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მხარდასაჭერად ქართველმა კოლეგებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
აქციაზე დაკავებული ჟურნალისტის მეუღლე და ორი შვილიც იმყოფებოდნენ.
აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
როგორც დაკავებულის ცოლი მედიასთან აღნიშნავს, ექსტრადიციის საკითხს არ განიხილავს, რადგან აზერბაიჯანში პოლიტპატიმრები ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობენ.
“საქართველოს მთავრობისგან დაუყოვნებლივ ვითხოვ, რომ გაათავისუფლონ აფგან სადიგოვი. ექსტრადიციის საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. მე მიმაჩნია, რომ ეს ძალიან არასწორია. ქვეყნიდან გასვლის უფლება შეჩერებული აქვს, მხოლოდ აზერბაიჯანში შეუძლია წასვლა. გვაინტერესებდა, რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ არავისგან, მათ შორის არც სახალხო დამცველისგან, პასუხი არ მიგვიღია. აფგან სადიგოვი 10 მაისიდან აზერბაიჯანის მთავრობამ საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა და ვფიქრობ, რომ საქართველოში მისი დაკავებაც უშუალოდ ილჰამ ალიევის დაკვეთით მოხდა. ჩემს მეუღლეს აზერბაიჯანში პატიმრობის გამოცდილება უკვე 2-ჯერ აქვს. 6 დღის განმავლობაში ის გატაცებული ჰყავდათ და აწამებდნენ. თუ საქართველოს მთავრობა პატიმარს აზერბაიჯანს გადასცემს, მთელ ოჯახს გაგვანადგურებენ. აზერბაიჯანში 300-ზე მეტი პოლიტპატიმარია და ისინი ციხეში ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობენ”, – აღნიშნავს დაკავებულის ცოლი.
მისივე თქმით, როგორც აზერბაიჯანში, ისე საქართველოში, მას და მის შვილებს ხშირად ემუქრებიან.
“ასევე, როგორც აზერბაიჯანში, ისე საქართველოში ხშირად ვიღებ მუქარებს, რომ შემდეგი მე ვიქნები, თუ არ გავჩერდები. ჩემი შვილების უსაფრთხოებით მემუქრებიან, როს გამოც შვილებს სკოლაში ვერ ვუშვებ”, – ამბობს სევინჩ სადიგოვი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლის, თამთა მიქელაძის თქმით, “ქართული ოცნება” ავტორიტარული რეჟიმების მიმართ ლოიალურია. ასევე, როგორც მან აღნიშნა, საქართველო, რომელიც ადრე მეზობელი ქვეყნების დისიდენტებისთვის თავშესაფარი იყო, კარგავს მის საერთაშორისო მისიას რეგიონში.
“დღევანდელ აქციას ვმართავთ აფგან სადიგოვის ოჯახის მხარდასაჭერად, მისი მეუღლისა და მისი მცირეწლოვანი შვილების სახელით. ვითხოვთ, ის უკანონო საექსტრადიციო პატიმრობიდან გაათავისუფლონ. მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანში მისი საბაზისო აბსოლუტური უფლებები დაირღვევა და ეს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებსაც დაარღვევს. სამწუხაროა, რომ საქართველო კარგავს მის საერთაშორისო მისიას რეგიონში, რადგან წლების განმავლობაში ის იყო თავშესაფარი მეზობელი ქვეყნებიდან გამოქცეული დისიდენტებისთვის. როცა “ქართული ოცნების” ხელისუფლება ავლენს პოლიტიკურ ლოიალობას ავტორიტარული რეჟიმების მიმართ, ამ პროცესში ჩანს, რომ არა მხოლოდ ქართველ უფლებადამცველებს ექმნებათ პრობლემები, არამედ აქ მცხოვრებ უცხოელ დისიდენტებსაც”, – აცხადებს თამთა მიქელაძე.
საქართველოს კანონმდებლობით, უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას საექსტრადიციო პატიმრობა ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი აღკვეთის ღონისძიების სხვა სახეები. საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადაა 3 თვე, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 3 თვით, მაგრამ არაუმეტეს ორჯერ.
ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ მისი საფუძველი პოლიტიკურია.
აფგან და სევინჩ სადიგოვები, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში 2023 წლის ბოლოს ჩამოვიდნენ. მიმდინარე წლის 18 ივლისს აფგან სადიგოვი, თურქეთის გავლით, მესამე ქვეყანაში აპირებდა გადასვლას, თუმცა, მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას უთხრეს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც საქართველოდან წასვლა შეეძლო, აზერბაიჯანი იყო.
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში ორჯერ — 2016 და 2020 წლებში — დააპატიმრეს და ამბობს, რომ სამშობლოში პოლიტიკური ნიშნით იდევნება.