ახალი ამბები

ოზურგეთში კაცის გარდაცვალებაზე ექსპერტიზაა დანიშნული

19 აპრილი, 2018 • 1698
ოზურგეთში კაცის გარდაცვალებაზე ექსპერტიზაა დანიშნული

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შუახნის კაცის გარდაცვალებაზე ექსპერტიზაა დანიშნული. ინფორმაცია სოფელ შემოქმედში შუახნის კაცის გარდაცვალების შესახებ თავდაპირველად  Ipress-მა გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ  შუახნის კაცი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი სახლის სხვენში ფაროსანასა და სხვა მწერების საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა.

“ნეტგაზეთი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ შუახნის კაცის გარდაცვალებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

მომხდარზე განცხადებას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტოც. სააგენტო აცხადებს, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები გამოიყენება, რომელიც მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული და მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერაა რეკომენდებული:

სააგენტოს თქმით, ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებისგან დაცვის მიზნით. სურსათის ეროვნული სააგენტოში ამბობენ, რომ სააგენტო პერიოდულად ავრცელებს რეკომენდაციებსა და ინსტრუქციებს მცენარეთა დაცვის საშუალებების, პესტიციდების მოხმარების და უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ:

“დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გამოყენება დახურულ საცხოვრებელ სივრცეში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე. პესტიციდის არასწორმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, თუმცა, ადამიანის ლეტალობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა” – ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოში ასევე აღნიშნავენ, რომ ლეტალური შედეგის დადგომა შესაძლებელია გამოიწვიოს უსაფრთხოების წესების უხეშმა დარღვევამ, როგორიცაა პრეპარატის გადაყლაპვა, დალევა:

“საცხოვრებელ სახლებში მავნებლის განადგურება უნდა მოხდეს მექანიკური საშუალებებით და იმ პრეპარატებით, რომლებსაც რეკომენდაციას უწევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. წამლობა წარმოადგენს აზიური ფაროსანასგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის და ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილების აუცილებელ ღონისძიებას” – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი