ახალი ამბები

ტყიბულის თემაზე სამმხრივი კომისიის სხდომას პრემიერი არ დაესწრება

19 აპრილი, 2018 • 1872
ტყიბულის თემაზე სამმხრივი კომისიის სხდომას პრემიერი არ დაესწრება

დღეს, 19 აპრილს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ტყიბულის შახტში დასაქმებულთა პრობლემებზე სამმხრივი კომისია იმსჯელებს. კომისიის შეკრებაზე დასწრებაზე უარი მიიღეს ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა. როგორც “ნეტგაზეთს” პრემიერის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეხვედრას არც საქართველოს პერმიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშივლი დაესწრება.

როგორც ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფში ამბობენ, მეშახტეებისთვს სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა ცხადყოფს, რომ დასაქმებულები სამივე სტურქტურისთვის, რომელიც კომისიაში შედის, ნაკლებად ღირებული არიან:

“სამმხრივ კომისიაზე, რომელიც გაიმართება ტყიბულის ამბებზე, სადაც დამსაქმებელი, სახელმწიფო და პროფკავშირი ხვდებიან ერთმანეთს, უარი განგვიცხადეს დასწრებაზე მეშახტეებს. უჩვენოდ წყვეტენ, რა არის ჩვენთვის უკეთესი, რა გვჭირდება და გვინდა.

ეს ფაქტი მეტყველებს ყველაფერზე. პირველ რიგში კი იმაზე, რომ ამ სამივე სტრუქტურისთვის ჩვენ ნაკლებ ღირებული ვართ. რომ ჩვენი ადგილი არ არის იქ, სადაც ჩვენი მომავალი წყდება” – ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.

სამმხრივი კომისია მთავრობის, დამსაქმებლისა და პროფესიული კავშირის 6-6 წარმომადგენელს აერთიანებს. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ სხდომაზე დასაქმებულთა არდასწრება შეხვედრის ფორმატითაა განპირობებული და არა მათი სურვილით:

“ფორმატის დარღვევააო, ასეთი მიზეზი განაცხადეს [მთავრობის წარმომადგენლებმა]. რაც შეეხება იმ მოთხოვნებს, რაც პროფკავშირებს აქვს, ყველა მეშახტის მოთხოვნებთან აბსოლუტურად იდენტურია. ეს შეეხება უსაფთხოების ზომებს შახტებში, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ უნდა იქნას თავიდან ბოლომდე შეფასებული შახტის მდგომარეობა. ამ დროის განმავლობაში კი შახტები დახურული იყოს და მათი სრული რეაბილიტაცია მოხდეს. გარდა ამისა, პროფკავშირებს აქვთ მოთხოვნა, რომ ტყიბულში ჭიათურაში, ასევე აგარაში, ჰქონდეთ შეღავათები დასაქმებულ ადამიანებს. იქნება ეს საგადასახადო შეღავათები თუ საპენსიო ასაკის დაწევა. ყველა ამ საკითხზე მოვისმენთ დღეს მთავრობის პოზიციას. ვნახოთ, რამდენად იქნება მზაობა” – ამბობს ვიტალი გიორგაძე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ მეშახტეების შეხვედრაზე მიღბული გადაწყვეტილებების შესახებ მეშახტეების ინფორმირება აუცილებლად მოხდება. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ეს რა ფორმით მოხდება. სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრება.


რა მოხდა მინდელის შახტში:

2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში ნგრევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა – 3 კი დაშავდა. დაშვებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.
საქნახშირი აცხადებს, რომ მინდელის შახტში დაღუპულების ოჯახებს 20-20 ათას ლარამდე კომპენსაცია გადაეცემათ. საქნახშირში აცხადებდნენ, რომ წინასწარი ვერსიით, ტრაგედია სამთო დარტყმამ გამოიწვია.

შსს-მ გამოძიება, ტრადიციულად, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხელისუფლების ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ შრომითი კანონმდებლობა დასახვეწია.

მანამდე:

2017 წლის 9 მაისს მინდელის სახელობის შახტში 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან 4 ემსხვერპლა ლიფტის ჩავარდნას.
ამავე დღეს თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, დაღუპული მეშახტეების ოჯახებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. ხმაურიან აქციაზე პოლიციამ 2 აქტივისტი გზის გადაკეტვის გამო დააკავა.
2018 წლის გასულ სამ თვეში ქვეყნის მასშტაბით საწარმოო და სამუშაო ადგილებზე 18 დაიღუპა, ხოლო 12 მძიმედ დაშავდა. 2017 წელს 41 გარდაიცვალა და 66 მძიმედ დაშავდა. აქედან მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, გასულ 15 თვეში გარდაიცვალა 11 ადამიანი.
2010 წლიდან დღემდე მინდელის სახელობის შახტში 25-მდე ადამიანი დაიღუპა

მასალების გადაბეჭდვის წესი