Freedom House ხელისუფლებას პასუხობს – უჩვეულო არ არის ჩვენთვის ნეგატიური რეაქციის მოსმენა

Freedom House-ის პროექტის “გარდამავალი ქვეყნების” დირექტორი ნეით შენკანი ანგარიშთთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ ორგანიზაციისთვის ნეგატიური რეაქციის მოსმენა უჩვეულო არ არის.

“უჩვეულო არ არის ჩვენთვის ნეგატიური რეაქციის მოსმენა. გვესმის, რომ მნიშვნელოვანი წყაროა ჩვენი ანგარიშები და, შესაბამისად, ის წარმოადგენს წყაროს კრიტიკისთვისაც. მიგვაჩნია, რომ რეაგირების მოხდენა მნიშვნელოვანი და საჭიროა, რაც პოზიტიურად აისახება საქართველოზე. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ სერიოზულად უნდა მიუდგნენ ისეთი ინსიტუტების კრიტიკას, როგორიც Freedom House-ია. საქართველო კრიტიკისთვის სხვა ქვეყნებისგან არ გამოგვირჩევია. მთავარ გამოწვევად ინსიტუტების დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლებაა. ჩვენი წყარო იყო ღია,”- აცხადებს ნეით შენკანი.

ნეით შენკანი განმარტავს, რომ Freedom House აპოლიტიკური ორგანიზაციაა და პარტიებსა და პოლიტიკურ ფიგურებს ქულებს არ უწერს.

“რაც შეეხება საქართველოს ოფიციალური პირების რეაქციას, კარგია, რომ აღელვებთ. როდესაც ხელისუფლება ღელვას წყვეტს და ინტერესს კარგავს ასეთი ანგარიშების მიმართ ან იმის მიმართ, რაც იქ წერია, ჩვენ უფრო მეტად შეშფოთებული ვხდებით. ყოველწლიურად ოთხ სხვადასხვა ანგარიშს ვამზადებთ და საქართველო ყველგანაა,”-ამბობს ნეით შენკანი. ნეით შენკანის კომენტარების თარგმანს ტელეკომპანიას “რუსთავი 2” ავრცელებს.

“ფრიდომ ჰაუსის შეფასება უკიდურესად არაობიექტურია”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 12 აპრილს გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Freedom House-ს ტენდენტიურობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ორგანიზაციის მიერ მომზარებულ დასკვნებში აშკარად იკვეთება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგო დამოკიდებულება.

Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 7 შესაძლო ქულიდან 4,61 იყო (სადაც 1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, 7 კი ყველაზე ცუდი) ახალი ანგარიშის თანახმად კი ეს მაჩვენებელი 4,68-მდე გაიზარდა.

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მაჩვენებლის გაუარესება გამოიწვია, ქართულ მედიაში 2017 წლის განამვლობაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის “საზოგადოებრივი მაუწყებლის აშკარა პოლიტიზებული სარედაქციო პოლიტიკა”, რუსთავი 2-ზე ზეწოლა და პრო-სახელისუფლებო მედიაორგანიზაციების გაერთიანება სახელდება. ანგარიშში ასევე საუბარია არაფორმალურ ძალაუფლებაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.