ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე Freedom House-ს ტენდენციურობაში ადანაშაულებს

12 აპრილი, 2018 • 2256
ირაკლი კობახიძე Freedom House-ს ტენდენციურობაში ადანაშაულებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე Freedom House-ს ტენდენტიურობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ორგანიზაციის მიერ მომზარებულ დასკვნებში აშკარად იკვეთება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგო დამოკიდებულება.

კობახიძის თქმით, ანგარიშის ავტორებს არსებითად უჭირთ ხელისუფლების შინაარსობრივი კრიტიკა:

“ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რამდენად ფუნდამენტური წინსვლა განიცადა ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. 2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო გაყალბებული არჩევნები, ნულოვანი ბალანსი ხელისუფლების ორგანოებს შორის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, მათ შორის, ადამიანების წამების, გაუპატიურების, საკუთრების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, სასამართლოს სრული დაქვემდებარება იუსტიციის სამინისტროზე, ხელისუფლების ტოტალური თვითნებობა. ეს პრობლემები საქართველოში 2012 წლიდან არსებითად გადაიჭრა” – ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, ამის ფონზე ის ფაქტი, რომ ანგარიშის თანახმად საქართველოს რეიტინგი დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით მხოლოდ 12 მეასედით არის გაუმჯობესებული, ანგარიშის ავტორთა ტენდენციურობაზე მეტყველებს.

კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ  კვლევის თანახმად 2012 წელთან შედარებით საერთოდ არ შეცვლილა ქვეყნის რეიტინგი მედიის თავისუფლების სფეროში, რაც, მისი შეფასებით, ღიმილის მომგვრელია.

“2012 წლის მოცემულობა იყო ხელისუფლების სრული მონოპოლია მედიაგარემოზე. 2004-2012 წლებში სამივე საერთო ეროვნულ მაუწყებელზე, “რუსთავი 2”-ზე, “იმედზე” და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, უკანონო გზით გავლენა მოიპოვა მიხეილ სააკაშვილმა და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. სამივე არხი ასრულებდა ხელისუფლების რუპორის ფუნქციას და უზრუნველყოფდა ე.წ. “ბრეინვოშინგს”, ანუ ტვინის გამორეცხვას ხელისუფლების სასარგებლოდ,” –  ამბობს კობახიძე.

კობახიძის თქმით, ის ფაქტი, რომ ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ზე საკუთრების უფლების დაბრუნება იმ პირისთვის, რომელსაც”ნაციონალურმა მოძრაობამ”  წაართვა ტელევიზია პოლიტიკური მიზნებისათვის, ამ ყველაფრის ფონზე, მედიის თავისუფლების სფეროში 2012 წლისა და დღევანდელი რეიტინგების იდენტურობა ანგარიშის ტენდენციურობაზე მეტყველებს:

“იგივე შეიძლება ითქვას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, სადაც ქვეყნის რეიტინგი სულაც 25 მეასედით არის გაუარესებული 2011 წელთან შედარებით. 2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო სასმართლო ხელისუფლების სრული კონტროლი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. ამის შედეგი იყო უკანონო სისხლისსამართლებრივი განაჩენები ათასობით და ათიათასობით ადამიანის წინააღმდეგ. სასამართლო წარმატებით გამოიყენებოდა ბიზნესმენებისა და სხვა პირთა რეკეტის ინსტრუმენტად, აგრეთვე, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად,” – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

კობახიძის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამდე სასამართლო ეფექტურად აღასრულებდა ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას, რის შედეგადაც ციხის პოპულაციამ საქართველოში 24 500-ს მიაღწია. 2012 წლის შემდეგ კი, კობახიძის შეფასებით, სასამართლო გათავისუფლდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისგან და რადიკალურად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენებისა და მოქალაქეების მიერ მოგებული ადმინისტრაციული საქმეების რაოდენობა:

“სასამართლო აღარ გამოიყენება ადამიანების დევნისა და მათი უფლებების უხეში შელახვის ინსტრუმენტად. ასევე გატარდა უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად. ამ ფონზე, კვლევაში დაფიქსირებული რეიტინგი სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილის მომგვრელია,” – ამბობს ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძის გაკვირვებას იწვევს უცვლელი რეიტინგი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში. მისი თქმით, თუ 2012 წლამდე სამოქალაქო საზოგადოება იყო ლოიაური ხელისუფლების მიმართ, 2012 წლის შემდეგ მისი დამოკიდებულება ოპოზიციურისკენ შეიცვალა, რაც დადებითად უნდა ასახულიყო შესაბამის რეიტინგზე, თუმცა კვლევის ავტორებმა, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამ შემთხვევაშიც ტენდენციურობა გამოავლინეს:

“შემაშფოთებელია ანგარიშში წარმოდგენილი განცხადებები იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის შესაძლო პატიმრობა კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ურთიერთობას ევროპასა და ამერიკასთან. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დადებითად არიან განწყობილნი პროდასავლური პარტიებისა და პოლიტიკოსების მიმართ და ამ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი ამოცანაც არის, თუმცა ეს მხარდაჭერა უკვე დიდი ხანია აღარ ვრცელდება სააკაშვილსა და მის პარტიაზე, რომელიც ობიექტურ მიზეზთა გამო აღარ არის საინტერესო ჩვენი დასავლელი მეგობრებისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ფრაზა ჩვენთვის გაკვირვებას იწვევს,” – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ანგარიშის ავტორები ვერ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას  ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით არის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედი საქართველოში. საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე იმ პირობებში, როდესაც ანგარიშის ავტორები ამგვარი მმართველობის დაკონკრეტებასაც კი ვერ ახერხებენ, საფუძველს არის მოკლებული.

“ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების ყველაზე ნათელი გამოვლინებაა კრიტიკა პანორამა თბილისთან დაკავშირებით, რომელიც ასევე მოკლებულია დასაბუთებას” – ამბობს კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარე აცდახებს, რომ ანგარიში იმეორებს რუსთავი ორისა და მიხეილ სააკაშვილის სხვა მეგობრების მიერ ჩამოყალიებებულ ხელოვნურ სურათს, რომელიც შენების ნგრევად წარმოჩენას ცდილობს.

“აღსანიშნავია, რომ ანგარიშში მრავლად არის გაპარული ფაქტობრივი შეცდომები. მაგალითად, ანგარიშის ავტორები სასამართლო ხელისუფლებას ადანაშაულებენ აფგან მუხთარლის საქმეში, როდესაც ქართულ სასამართლოს ამ საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონია,” – ამბობს კობახიძე.

ირაკლი კობახიძის განცხადებით,  ანგარიშის ავტორები ეყრდნობიან იმ ქართული არასამთვრობო ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც გამოირჩევიან კომპეტენციის ნაკლებობით და ტენდენციური დამოკიდებულებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ:

“არსებობს ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც თანაბრად ებრძვიან საქართველოს და აშშ-ის მოქმედ ხელისუფლებებს. ამის საუკთესო ილუსტრაცია არის NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელობა, რომლისთვისაც საქართველოში საკუთარი ხელისუფლების შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა. მე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბრძოლას არაფერი საერთო არ აქვს ლიბერალიზმთან და ლიბერალურ ღირებულებებთან, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. ჩვენი ხელისუფლება არის სწორედ ლიბერალური ხელისუფლება და უფრო მეტიც, ყველაზე ლიბერალური ხელისუფლება საქართველოს უახლოეს ისტორიაში,” – ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ეყრდნობა ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, სამართლიანობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა. ამავდროულად, “ქართული ოცნებისთვის” მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი და ის ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან  ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს და ქართულ ეკლესიებს და რომლებიც ასევე უპირისპირდებიან შესაბამის ღირებულებებს ამერიკის შეერთებულ შტატებში:

“მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში გაგრძელდება დემოკრატიული განვითარების პროცესი, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს საქართველოში ევროოპული სტანდარტების დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებას,” – ამბობს კობახიძე.


Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 7 შესაძლო ქულიდან 4,61 იყო (სადაც 1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, 7 კი ყველაზე ცუდი) ახალი ანგარიშის თანახმად კი ეს მაჩვენებელი 4,68-მდე გაიზარდა.

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მაჩვენებლის გაუარესება გამოიწვია, ქართულ მედიაში 2017 წლის განამვლობაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის “საზოგადოებრივი მაუწყებლის აშკარა პოლიტიზებული სარედაქციო პოლიტიკა”, რუსთავი 2-ზე ზეწოლა და პრო-სახელისუფლებო მედიაორგანიზაციების გაერთიანება სახელდება

ანგარიშში ასევე საუბარია არაფორმალურ ძალაუფლებაზე.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:  დეპუტატების შეფასება Freedom House-ის ანგარიშზე

მასალების გადაბეჭდვის წესი